skip to content
ახალი ამბები

ცოცხალი ჯაჭვი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში

მოქალაქეების ნაწილმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, აღდგომის მონასტრის სიახლოვეს, 5 მაისს ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და ამ ფორმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან 21 აპრილს უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა გააპროტესტა.

მშვიდობიანი აქციის რამდენიმე ასეულმა მონაწილემ დავით გარეჯის ტერიტორიაზე შეკრება დღის თორმეტი საათისთვის დაიწყო. მათ შორის იყვნენ, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალიქიდან ჩასული რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

აქციის მონაწილეების განმარტებით, შეკრება სპონტანურად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით დაიგეგმა. მათივე თქმით, მთავრობამ ეს პრობლემა დროულად უნდა გადაწყვიტოს. ისინი ამ პროცესში ჩართვას და განვითარებული მოვლენების მონიტორინგსაც გეგმავენ.

„აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. მეგობრობის მეტი არაფერი გვინდა, მაგრამ უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, შევიდეს დიალოგში და ეს პრობლემა მოაგვაროს, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – განაცხადა მწერალმა დავით ტურაშვილმა, რომელიც აქციაში მონაწილეობდა.

დავით გარეჯში გამართულ აქციაში მონაწილეობას ანტოსაოკუპაციო მოძრაობა – „ძალა ერთობაშიაც“ იღებდა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით ქაცარავას თქმით, აქციის მიზანი ომის და დაძაბულობის გამოწვევა არ არის. „ჩვენ მტკიცედ და მყარად, მშვიდად და მშვიდობიანად დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას, რომლის არავისთვის გადაცემის არც ფუფუნება და არც უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ანტისაოკუპაციო ძალა დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს.

  • აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 21 აპრილს, სამონასტრო კომპლექსში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მეორე დღეს ჩაკეტეს. მონასტრამდე მისასვლელი გზა, ხუთდღიანი შეზღუდვის შემდეგ, 26 აპრილს გაიხსნა.
  • საკითხზე განმარტებები ქვეყნის ოფიციალურმა პირებმაც გააკეთეს და განაცხადეს, რომ ქართული მხარე აზერბაიჯანთან „მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია“ და ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიაც მუშაობას უახლოეს პერიოდში განაახლებს. საკითხის „სენსიტიურობიდან“ და „დელიკატურობიდან“ გამომდინარე, ხელისუფლება მოსახლეობას თემასთან მიმართებით განსაკუთრებული სიფრთხილით მიდგომისკენ მოუწოდებს.
  • დავით გარეჯის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ ოფიციალური განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა და განმარტა, რომ „თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა“.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button