ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დავით გარეჯის ირგვილ არსებულ ვითარებას ეხმაურება და განმარტავს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიზე გადაადგილება შეუფერხებლად, „არსებული პრაქტიკის შესაბამისად“ მოხდება.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა 2 მაისს მედიასთან საუბრისას განაცხადა და განმარტა, ის პრემიერის დავალებით, მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან „მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია“ და საკითხთან მიმართებით, ქვეყანა აზერბაიჯანთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობების გათვალისწინებით მსჯელობს.

მისივე თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით, ერთობლივი სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს პერიოდში განაახლებს, რათა „მიღწეულ იქნას შეთანხმება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით“.

„დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი პოზიტიურად გადაწყდება, ჩვენ ვთანხმდებით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან და მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ყველა ამ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული“, – განაცხადა მან.

საკითხის „სენსიტიურობიდან“ და „დელიკატურობიდან“ გამომდინარე, მინისტრმა საზოგადოებას თემასთან განსაკუთრებული სიფრთხილით მიდგომისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ასეთ დროს „ყოველგვარი ემოციები უადგილოა“.

დავით გარეჯთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი შს მინისტრმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამაც გააკეთა და განმარტა, რომ ,,როდესაც ჩვენი ქვეყნის 20%-ი არის ოკუპირებული, მეზობლებთან მეგობრული, სტრატეგიული ურთიერთობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“. მანვე იმედი გამოთქვა, რომ „დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ჩვენ შევძლებთ და დავიცავთ როგორც ჩვენი „კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ეკლესიის ინტერესებს“.

საპატრიარქოს განცხადება

დავით გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, 2 მაისს განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა და განმარტა, რომ „თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა“.

„აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად“, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ „საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად, როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ“.

საპატრიარქოს განცხადება, სავარაუდოდ, წმინდა სინოდის წევრის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობის 2 მაისს დავით გარეჯში ჩატარებულ ქადაგებას მოჰყვა, რა დროსაც მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ საკითხთან მიმართებით, „განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ“. „თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივეცეთ ერის ადამიანებს“, – განაცხადა მან.

ქადაგებისას მიტროპოლიტმა აქცენტი მუსლიმანურ ქვეყნებზეც გააკეთა და განაცხადა, რომ მათთან მეგობრობაზე საუბარი საზოგადოებისთვის „თვალში ნაცრის“ შეყრაა. მან საქართველოს ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ „გვარგადაკეთებული ვითომ ქართველები“ სახელმწიფოსთვის „ძალიან დიდი პრობლემაა“ და ისინი „ისევ თავიანთი ქვეყნის საქმეს აკეთებენ“.

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამონასტრო კომპლექსში სტუმრობის მეორე დღეს ჩაკეტეს.

მონასტრის არქიმანდრიტი კირიონ ონიანი ამბობდა, რომ მესაზღვრეებმა გზის დაკეტვა იმით ახსნეს, რომ მათ საქართველოს პრეზიდენტის მონასტერში ასვლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და მათი გაღიზიანებაც სწორედ ამან განაპირობა. 5 დღიანი შეზღუდვის შემდეგ, მონასტრამდე მისასვლელი გზა, 26 აპრილს გაიხსნა.

ამავე თემაზე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button