skip to content
ახალი ამბები

საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და მის ახლადდანიშნულ ესტონელ კოლეგას ურმას რეინსალუს შორის 3 მაისს სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა რეინსალუს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ის საქართველოში მოიწვია. „მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები სამაგალითოა და წარმატებულად ვითარდება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სამინისტროს“ ინფორმაციით, ზალკალიანმა თავის კოლეგას ესტონეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ „მტკიცე მხარდაჭერისთვის“, მადლობა გადაუხადა.

განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მინისტრებმა „კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კარგი, ხოლო მეგობრობა კვლავ ძლიერია“.

„ესტონეთი და საქართველო ძალიან ახლო პარტნიორები არიან და თითქმის ყველა სფეროში ფართო თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას, მათ შორის, რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით ჩვენი გამოცდილების გაზიარების გზით“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ „მნიშვნელოვანია, რეფორმების პროცესის დაჩქარება“.

მან ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთის მთავრობა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს კვლავაც დაუჭერს. „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ამის პატივისცემაა საჭირო. ესტონეთი არასდროს აღიარებს ამ ტერიტორიების ოკუპაციას“, – აღნიშნა მან.

ურმას რეინსალუ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 29 აპრილს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე სვენ მიკსერი შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი 2016 წლის ნოემბრიდან ეკავა.

ამავე თემაზე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button