Placeholder canvas
ახალი ამბები

საპარლამენტო კვირა: 8-12 აპრილი

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 8 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა გაგრძელდა, რასაც ცალკეული ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლები მოჰყვა. რიგგარეშე სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა მესამე მოსმენით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს უყარეს კენჭი, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ისახავს მიზნად. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, ამით გამოსაშვები სასკოლო გამოცდები გაუქმდა.

საკომიტეტო სხდომები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

11 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხვა საკითხებთან ერთად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიასა და კიდევ 12 დეპუტატის მიერ არის ინიცირებული.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ განაცხადა, წარმოდგენილი კანონპროექტი დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების დახვეწას ისახავს მიზნად. კომიტეტის წევრებმა განხილვის შემდეგ, კანონპროექტის მხარი არ დაუჭირეს.

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

11 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, მეორე მოსმენით „საქართველოს შრომის კოდექსში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილების პაკეტზე იმსჯელეს. კანონპროექტი შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების საკითხის დარეგულირებას ისახავს მიზნად.

ამასთან, ცვლილებათა პაკეტი, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრასთან ერთად, სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, შესაბამის სანქციებსაც ითვალისწინებს.

  • იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები

11 აპრილს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ წარმოადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანია:

საკუთრების უფლების დადგენა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით, ასევე მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა; ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა და ადგილობრივი მეურნეობის განვითარება.

ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეიძლება ფლობდეს: სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი; საჯარო სამართლის იურიდიულ პირი; საქართველოს მოქალაქე; საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი თუ დომინანტი პარტნიორი არის საქართველოს მოქალაქე ან ზემოთ აღნიშნული რომელიმე სუბიექტი.

პროექტის თანახმად, დომინანტი პარტნიორი არის საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორი ან პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც ეკუთვნის წილის/აქციის/პაის 50%-ზე მეტი ან/და წარმოადგენს პარტნიორების ან დამფუძნებლების/წევრების უმრავლესობას და აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს იურიდიული პირის გადაწყვეტილებაზე.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.

ამავე სხდომაზე 32 პარლამენტარის მიერ ინიცირებული კანოპროექტიც განიხილეს, რომელიც „საქართველოს შრომის კოდექსსა“ და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტი მისმა ერთ-ერთმა ინიციატორმა ბექა ნაცვლიშვილმა წარადგინა. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტს მხარი არ დაუჭირეს.

ვიზიტები

  • 8 აპრილს დოჰაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეის მუშაობაში პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, ყატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილა. დოჰაში ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ 2020 წელს საქართველო ახალგაზრდა პარლამენტართა მე-7 მსოფლიო კონფერენციას უმასპინძლებს.
  • 8-12 აპრილს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფებოდა, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ლილიენ მორი პასკიეს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს, საქართველოზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს ტიტუს კორლეატას და კლოდ კერნერს, ასევე ევროსაბჭოს კომისარს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დუნია მიატოვიჩს შეხვდა.
  • 10 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო კილაძესთან და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარესთან გიორგი კახიანთან ერთად, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიწვევითა და დაფინანსებით, გერმანიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი G 10-კომისიის თავმჯდომარეს ანდრეას შმიდტს და კომისიის წევრებს, ასევე გერმანელ კოლეგებს შეხვდა.
  • 10 აპრილს დანიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგერმა და ალბანეთის პრეზიდენტმა ილირ მეტამაც მიიღეს. პარლამენტის ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბიუროს წინაშე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი დანაშაულებების და იქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის შესახებ ასამბლეის რეზოლუციაში ასახვის საკითხი დააყენა.
  • 10 აპრილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციამ ჟენევაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატის (UNHCR), საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის (IOM) და საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
  • 11 აპრილს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ირინე ფრუიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ნინო გოგუაძემაც ისაუბრა და ყურადღება რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე, ასევე რუსეთის მხრიდან ევროპის საბჭოს პრინციპების დარღვევაზე გაამახვილა.
  • 12 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტად მყოფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს შორის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს სუვერენიტეტზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.
  • 12-14 აპრილს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როს“-ის რიგით 99-ე სემინარში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრები

  • 10 აპრილს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პატრიკ ფრანცენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-შვეიცარიას შორის არსებული საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და შვეიცარიის მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე ისაუბრეს.
  • 10 აპრილს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიც ლუკოვაკს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
  • 12 აპრილს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როსარია პულისს და ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.
  • 12 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში – „მსოფლიო ტურბულენტობაში: გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერების სამიტის ფარგლებში გაიმართა. პარლამენტის ინფორმაციით, თამარ ჩუგოშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ქვეყნის გლობალურ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთვის პირველი გამოწვევა რუსეთი და ოკუპაციის პრობლემაა. მისივე აღნიშვნით, არ შეიძლება ამ კონფლიქტის გაყინულ კონფლიქტად შერაცხვა, ვინაიდან მას განგრძობითი ხასიათი აქვს და ქვეყანას ყოველდღიურად აზარალებს.

სხვა ღონისძიებები

  • 9 აპრილი

პარლამენტის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ და 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 30 წელი გავიდა.

  • პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

9 აპრილს დოჰაში ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა. ბიურომ მის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

  • სტრასბურგში ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა

10 აპრილს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზაა დატანილი – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“, რომელიც ზურაბ ჟვანიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მას შემდეგ წარმოთქვა, რაც ასამბლეამ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button