Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს ლიდერები ნატოში წევრობის პრიორიტეტულობაზე საუბრობენ

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ნატოს წევრობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სიტყვით წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაზე გამოვიდნენ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო სწავლება ალიანსის მიმართ ქვეყნის ძლიერ ერთგულებას აჩვენებს.

„დღეს, ამ მორიგი წარმატებული ნაბიჯით, ჩვენ მკაფიოდ და თავდაჯერებულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი უცვლელია და არის ნატოს წევრობა. ჩვენი მიზანი დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური მშვიდობის მიღწევისთვის საერთაშორისო პარტნიორობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელებაა“, – განაცხადა მან.

„საქართველოს სვლა ნატოსკენ და ამ გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენს მიმართ არ არის გამართლებული. საქართველო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანაა და ის თავისუფლად აკეთებს არჩევანს და ირჩევს მოკავშირეებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქვეყნის არჩევანი, რომ ალიანსის წევრი გახდეს „არა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მის უსაფრთხოებას, არამედ განამტკიცებს რეგიონში სტაბილურობას“. „ეს არის ერთადერთი სწორი და ერთადერთი მომავალზე ორიენტირებული არჩევანი, ამიტომ ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენ მიერ არჩეულ გზას – მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო – ნატოში“, – დასძინა პრეზიდენტმა.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით კი, საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ „მტკიცედ გვჯერა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს“.

„ჩვენი ქვეყანა ერთგულია თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების საერთო ღირებულებებისადმი, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. საქართველომ ეს ყოველივე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამიტომაც საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button