ახალი ამბები

საპარლამენტო კვირა

საბჭოთა ოკუპაციის დღე

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშრებით, პარლამენტისა და სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. კოჯორში კი იუნკერების მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გვირგვინებით შეამკეს.

საკომიტეტო სხდომები

  • სექსუალური შევიწროება, სავარაუდოდ, დასჯადი გახდება

25 თებერვალს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის უმრავლესობის შვიდი დეპუტატის, მათ შორის, თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას და დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომელიც შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების საკითხის დარეგულირებას ითვალისწინებს.

ინიციატივის მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, 300 ლარის, ხოლო ერთი წლის განმავლობაში, იმავე ხასიათის ქცევის განმეორბა 500 ლარის ოდენობით ჯარიმებას გამოიწვევს.

ამავე ინიციატივის მიხედვით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი დანაშაული 500-დან 800 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ითვალისიწინებს, ხოლო სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში იმავე შინაარსის ქცევის განმაორების შემთხევაში კი, პირი 800-დან 1 000 ლარამდე თანხით დაჯარიმდება. კომიტეტმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

  • აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემები

26 თებერვლას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართული მოსახლეობის და დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის მექანიზმები და შესაძლებლობები განიხილეს.

პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატებმა აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის ქართული სკოლებისა და ქართული ენის სწავლების, კახის რაიონში ქართული კულტურის სახლის აღდგენისა და ქართული მოსახლეობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საკითხებზე იმსჯელეს.

სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ „საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის ჩვენ უფრო მეტ სიკეთეს ვქმნით და ვთავაზობთ“ და რომ „ანალოგიურად [უნდა] მოხდეს გათანაბრება აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებების, როგორც განათლებაზე, ისე სხვა სოციალურ სერვისებზე“.

მის ამ განცხადებას არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მოჰყვა.

  • დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხების შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრები

25 თებერვალს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხების შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

8 დეპუტატისგან დაკომპლექტებული ჯგუფი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს შეისწავლის, რის შემდეგაც დასკვნას და რეკომენდაციის პროექტს საგარეო საქმეთა კომიტეტს წარუდგენს.

თემატური მოკვლევის ჯგუფის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროპაგანდისტული მედიაკამპანია და დეზინფორმაციული ხასიათის მუშაობა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან გამოწვევაა, რომლის მიზანიცა ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვა, საზოგადოების დემორალიზაცია, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე რადიკალიზაციის ხელშეწყობაა, რაც თავის მხრივ საზოგადოებაში დეზინტეგრაციული პროცესების განვითარებას ახალისებს.

თემატური ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება საკითხით დაინტერესებულ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ.

1 მარტს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თემატური მოკვლევის ჯგუფი ირლანდიელ ექსპერტებს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, სტუმრებმა თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს, ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და მისი ანალიზის მექანიზმების შესახებ საკუთარი გამოცდილება გააცნეს.

  • საკომიტეტო მოსმენაზე TBC ბანკის საკითხზე მსჯელობა ვერ შედგა

26 თებერვლას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების და „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესთან დაკავშირებით მოუსმინეს. სხდომას თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი ყოფილი მოადგილე ბადრი ჯაფარიძეც ესწრებოდნენ თუმცა, სხდომის დახურვასთან დაკავშირებით დეპუტატებს შორის დაწყებული უთანხმოების გამო, მათი მოსმენა ვერ მოხერხდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

  • საქართველოს რუკის სხვადასხვა ფორმით დამახინჯება დასჯადი გახდება?

26 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტსსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვით, საქართველოს რუკის სხვადასხვა ფორმით დამახინჯება დასჯადი გახდება.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან გატანა ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი იქნება.

  • ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ კანონპროექტი

28 თებერვალს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ მეორე მოსმენით, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა. კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატებმა საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის ჩართვის საკითხი კვლავ დააყენეს, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, რომ საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს და მასში პრეზიდენტის, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის სტატუსით ჩართვა მისი კომპეტენციის თანხვედრაში ვერ იქნება.

ქართული ოცნებიდან დეპუტატების გასვლა გრძელდება

25 თებერვალს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე უმრავლსეობის წევრმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. ქართულ ოცნება კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძემ დატოვა. ამის შესახებ მან 27 თებერვალს განაცხადა.

ვიზიტები

  • პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები
  • 25-26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ავსტრიას ეწვია და ავსტრიის იუსტიციის, რეფორმებისა და დერეგულაციის ფედერალურ მინისტრთან იოზეფ მოზერთან პირველი შეხვედრა გამართა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს.
  • 25 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს ვოლფგანგ სობოტკას შეხვდა, სადაც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ასევე შეხვედრა გამართა ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ ინგო აპესთან და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრ, ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე კარლჰაინც კოპფსთან.
  • 26 თებერვლას ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს პეტერ გოლდგრუბერს შეხვდა. იმავე დღეს ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს, თომას გრემინგერს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობაზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და ეუთოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარე ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოვიდა.
  • 27 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვარშავაში გაემგზავრა, სადაც საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის პირველ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
  • 28 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორს, ინგებორგ გისლადოტირს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობისა და OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მხარეები მზად არიან რეკომენდაციების შესასრულებლად მჭიდროდ ითანამშრომლონ.
  • სხვა ვიზიტები
  • 25 თებერვლას პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი სადამკვირვებლო მისიით მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
  • 26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია. მან ევროპარლამენტის ქალთა უფლებების კომიტეტში „გენდერული თანასწორობა საქართველოში“ შესახებ ისაუბრა. პარლამენტის ინფორმაციით, ჩუგოშვილმა ყურადღება ხუთ ძირითად ასპექტზე გაამახვილა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და საქართველოში არსებული გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმები.

ადგილობრივი შეხვედრები

  • 26 თებერვალს ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარის, ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ. პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით არსებული სიახლეები და გამოწვევები იყო.
  • 27 თებერვლას დეპუტატი ეკა ბესელია და გედევენ ფოფხაძე სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
  • 1 მარტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას შეხვდა, სადაც მხარეებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ეფექტიანი კოორდინაციისა და კომუნიკაციის გასაძლიერებლად აქტიურ მუშაობაზე შეთანხმდნენ.

რომან გოცირიძის ბრიფინგი

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან რომან გოცირიძემ 25 თებერვალს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების მიზნით საკუთარი ინიციატივა წარმოადგინა.

მისი განმარტებით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, ვისაც შემოსავალი 100 ათას ლარზე ნაკლები აქვს, დამატებითი ღირებულების გადასახადს არ იხდის, მისი საკანონმდებლო ინიციატივით კი, ზღვარი 165 ათას ლარამდე უნდა გაიზარდოს. კანონის მიღების შემთხვევაში ამოქმედების ვადად 2020 წლის 1 იანვარია განსაზღვრული. აღნიშნული ინიციატივა 25 თებერვლას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა, თუმცა მხარი არ დაუჭირა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button