skip to content
ახალი ამბები

ვარშავაში საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა გაიმართა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელიც 27-28 თებერვალს პოლონეთს სტუმრობდა, ოთხშაბათს პოლონეთის პარლამენტის სენატის და სეიმის თავმჯდომარეებთან, სტანისლავ კარჩევსკისთან და მარეკ კუხჩინსკისთან ერთად საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა გახსნა.

თავის გამოსვლაში კობახიძემ ორ ქვეყანას შორის საუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა და ქართველებსა და პოლონელებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს მიესალმა. „თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ისტორიისა და დღევანდელობის, ქართველი და პოლონელი ხალხების მომავლის საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა საპარლამენტო ასამბლეას განიხილავს, როგორც „კიდევ ერთ ხიდს დასავლეთისაკენ“.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ასამბლეის მიზანი ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება და საერთაშორისო დონეზე ქმედებების კოორდინირებაა.

ვარშავაში კობახიძემ პირისპირ შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან იაცეკ ჩაპუტოვიჩთან.

შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა, რომ პოლონეთის საელჩო თბილისში ნატოს საკონტაქტო პუნქტია და რომ ქვეყანა მზადაა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებებს დაუჭიროს მხარი.

ვარშავაში ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 25-26 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ავსტრიას სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button