ახალი ამბები

სასამართლომ ე.წ. „კლუბების საქმეზე“ დაკავებული რვავე პირი დამნაშავედ ცნო

Tags

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის მაისში ღამის კლუბებში ჩატარებული რეიდის დროს ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების ფაქტზე დაკავებული რვავე პირის საქმის განხილვა დაასრულა და ყველა მათგანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დაკავებული სამი პირის განაჩენი 7 თებერვალს გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულს მ.მ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გუშინვე ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღებისა და თაღლითობისთვის დაკავებულ ქ.მ.-ს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე, 7 წლით პატიმრობა მიესაჯა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, გასაღების, თაღლითობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვისთვის ბრალდებულ ლ.მ.-საც.

რაც შეეხება რეიდის დროს დაკავებულ დანარჩენ 5 პირს, საქალაქო სასამართლომ ოთხი მათგანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იანვარში, ერთის მიმართ კი – 5 თებერვალს გამოიტანა.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა შენახვა-გასაღების ბრალდებით დაკავებულ ჯ.ე.-ს, ვ.ჟ-ს და გ.მ-ს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა იმავე საქმეზე დაკავებულ თ.ჩ.-ს, ბრალდებულ ბ.დ.-ს კი, თავისუფლება 9 წლითა და ექვსი თვით აღეკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ორ ღამის კლუბში „ბასიანსა“ და „გალერიში“, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლებად რეიდი გასული წლის მაისში ჩაატარა.

შსს-ის რეიდებს საზოგადეობის სამდღიანი პროტესტი, ასევე არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის კრიტიკა მოჰყვა. ისინი აცხადებდნენ, იმ დროს, როდესაც ძალოვან სტრუქტურას ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ბრალდებით კლუბებში შესვლამდე 8 პირი უკვე დაკავებული ჰყავდა, კლუბებში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლამ „სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილება შექმნა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button