ახალი ამბები

ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ანგარიში წარადგინა

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისა და კლუბ „ბასიანისთან“ სპონტანურად გამართული აქციის დაშლის კანონიერების შესახებ დღეს ანგარიში წარადგინა.

ანგარიშში, რომელიც აქციის მონაწილეების ინტერვიუებს და საჯარო უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ნათქვამია, რომ კლუბებში „დიდი რაოდენობით პოლიციისა“ და „შეიარაღებული სპეცრაზმის გამოჩენამ“, „ადგილზე მყოფ ადამიანებში შიშის და დაუცველობის შეგრძნება გააჩინა და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილება შექმნა“.

ანგარიშის თანახმად, ბუნდოვანია“, რა იყო კლუბებში შესვლის მიზანი, მაშინ, როდესაც „ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების ბრალდებით“, კლუბებში შესვლამდე, ძალოვან უწყებას 8 პირი უკვე დაკავებული ჰყავდა.

ანგარიშის ავტორების მოსაზრებით, ბასიანთან“ შეკრებილების მიმართ, პოლიცია გამოირჩეოდა აგრესიით და მათ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას არ აძლევდა. პოლიციის მხრიდან მასიური დაკავებების გამოყენება თვითნებობის და საპროტესტო მუხტის განეიტრალების შთაბეჭდილებას ტოვებდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პროკურატურამ კლუბ ბასიანთან“ პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა შესაძლო უკანონო დაკავებისა და ძალის გადამეტების შემთხვევები უნდა გამოძიოს. შსს-მ კი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი უნდა დაიცვას და „დაუსაბუთებელად, ადმინისტრაციული დაკავებების გამოყენებაზე“ უარი თქვას.

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში შსს-ის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ბექა დოჭვირმა შეაფასა. მისი თქმით, კლუბებში შესვლას სათანადო სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა“ და ძალა პროპორციულად იყო გამოყენებული. მისივე თქმით, „კლუბების ფართის გათვალისწინებით“, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ იმ რაოდენობის სამართალდამცველები, რაც აუცილებელი იყო იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ორ ღამის კლუბში ბასიანსა“ და გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად, სპეცოპერაცია 12 მაისს ჩაატარა, რასაც საზოგადოების სამდღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა პროტესტი მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც 14 მაისს, ადგილზე მისული შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასგან სპეცოპერაციის საქმის გამოძიებისა და ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობის განახლების დაპირება მიიღეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button