ახალი ამბები

მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებზე და კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა, 27 იანვარს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, რომელსაც
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მმართველ გუნდთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა სამუშაო ჯგუფს ადრევე ბოიკოტი გამოუცხადა და მასში მონაწილეობაზე უარი თქვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა არამოსამართლე წევრმა – ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად, მის დასრულებამდე დატოვეს. ისინი სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებას ითხოვდნენ, რაც არ დაკმაყოფილდა.

„როდესაც შემუშავებული იქნება პროცედურა, სადაც დაცული იქნება ჩვენი ხმა, საშუალება გვექნება, რომ ჩვენი აზრი გამოვთქვათ, მაშინ ვიქნები მზად, რომ მე ამ ჯგუფში მივიღო მონაწილეობა. მანამდე ეს არის ჩვენი დროის ფლანგვა და ამ პროცესისათვის დემოკრატიულობის ელფერის მინიჭების მცდელობა“, – განმარტა ანა დოლიძემ.

საბჭოს მეორე არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით კი, მისთვის მიუღებელია კრიტერიუმებზე და პროცედურებზე იმ ადამიანებთან ერთად მსჯელობა, რომლებმაც მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციან სიას მხარი დაუჭირეს.

იმავე მიზეზით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებმაც დატოვეს.

„ეს არ არის ფორმატი, სადაც ჩვენ ვხედავთ აზრს, რომ რეალურად განვიხილოთ რაიმე საქმიანი წინადადებები. ამიტომ, შეთავაზება გვაქვს, რომ კვოტები განისაზღვროს, რაც ამ შეხვედრაზე არ იქნა გაზიარებული. იმედს გამოვთქვამ, რომ შემდეგ შეხვედრამდე მოხდება ამ ფორმატის ცვლილება“, – განაცხადა ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთარ კახიძემ.

იგივე პოზიცია დააფიქსირა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამაც. მისი განმარტებით, ასეთი ტიპის შეხვედრებზე მნიშვნელოვანია, რომ ვესაუბრებოდეთ „არა კრებსით მურუსიძეს“, არამედ მოლაპარაკების მაგიდაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც „მრავალი წლის განმავლობაში, მუშაობს ჩვენს ქვეყანაში ნორმალური მართლმსაჯულების მისაღწევად“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. „ჩვენ დღეს გვქონდა მსჯელობა პრინციპებთან დაკავშრებით, როგორ უნდა გაიწეროს პროცედურა, როგორ უნდა გაიწეროს კრიტერიუმები. გაგრძელდება ამაზე მუშაობა და ამის საფუძველზე პარლამენტი უკვე მიიღებს კანონს, რომელშიც იქნება ასახული პროცედურა და კრიტერიუმები. ეს უნდა დაედოს საფუძვლად უზენასი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტებთან ქართული ოცნების კიდევ ერთმა წევრმა ანრი ოხანაშვილმაც ისაუბრა და სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილების შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაყენებულ მოთხოვნაზე გააკეთა კომენტარი. „ამაზე გავაგრძელებთ კონსულტაციებს, გვექნება მსჯელობა და თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს დაეფუძნება იმას, რომ სამუშაო ჯგუფი იყოს უფრო ეფექტური და უფრო მოქნილი“, – განაცხადა მან.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ისინი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ შეიკრიბნენ და სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. „კლანურ მმართველობა“ გააპროტესტეს. არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების მხრიდან თანამდებობების დატოვებასაც ითხოვდნენ, რომლებმაც გასულის წლის დეკემბერში პარლამენტისთვის წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციან სიას მხარი დაუჭირეს. არასამთავრობოები სამუშაო ჯგუფში მათ მონაწილეობასაც აპროტესტებდნენ.

ამბის პრეისტორია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე მუშაობის დაწყება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასული წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა 10 კაციანი სია წარუდგინა. სიის წარდგენას არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

წარდგენილ სიას წინააღმდეგობა მმართველ გუნდშიც შეხვდა. საკითხზე არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, თანამდებობები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა დატოვეს.

მმართველმა გუნდმა მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადადო და მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე მუშაობა დაიწყო.

This post is also available in: Русский (რუსული)

Back to top button