ახალი ამბები

PACE-მ საქართველოს არჩევნებზე დაკვირვების შესახებ ანგარიშზე დებატები გამართა

Tags

სტრასბურგში 21-25 იანვარს გამართული ზამთრის სესიის დროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ ანგარიშზე დებატები გამართა.

მოხსენების ავტორმა ანდრეი ჰუნკომ, რომელიც საქართველოში PACE-ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა თავის შესავალ სიტყვაში, რომ არჩევნების პირველ ტურში, ხმის მიცემა „კარგად იყო ორგანიზებული“ და ამომრჩევლებმა „შეზღუდვების გარეშე გააკეთეს არჩევანი“; ხოლო მეორე ტური „კონკურენტუნარიანი იყო და კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად განხორციელების საშუალება ჰქონდათ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი მხარე არასათანადო უპირატესობით სარგებლობდა, ხოლო ორივე მხარის მიერ განხორციელებული კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა პროცესს უარყოფითი ელფერი შესძინა. ჰუნკომ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, საარჩევნო პროცესიდან გამოირიცხონ „ე.წ. კოორდინატორები, რომლებიც მითითებებს აძლევდნენ და ‘ეხმარებოდნენ’ ამომრჩევლებს, და ინიშნავდნენ, ვინ მისცა ხმა“.

ჰუნკომ ასევე განაცხადა, რომ დელეგაციას ჰქონდა ინფორმაცია ძალადობრივი ინციდენტების, კამპანიის შეხვედრების ჩაშლის ცალკეული შემთხვევების, ასევე იმ წუხილების თაობაზე, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდოდ არასათანადო გამოყენებას და სამუშაო საათებში სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლების კამპანიის შეხვედრებში მონაწილეობას ეხებოდა.

„რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კანონმდებლობას პარტიების და კამპანიის დაფინანსების თაობაზე თანაბრობა აკლია და რომ ცოტა ხნის წინ განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ვერ გაითვალისწინა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ დიდი ხნის წინ მიცემული რეკომენდაციები“, – განაცხადა მომხსენებელმა და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანი დისბალანსი შემოწირულობებში, ასევე ხარჯვის მაღალი ლიმიტის არსებობა „არ უწყობს ხელს თანაბარი პირობების შექმნას“.

„ჩვენმა სადამკვირვებლო დელეგაციამ აღნიშნა, რომ კამპანიის დროს გაწეული ხარჯების სისტემა საოცრად ხელგაშლილი იყო და ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო შემოწირულობებიდან მოდიოდა – და ეს ხდებოდა იმ ქვეყანაში, სადაც სიღარიბის დონე მაღალია“, – განაცხადა ჰუნკომ და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ვენეციის კომისიასთან არჩევნების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ქართული ოცნებიდან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის. „ვაფასებთ თქვენ დროს და ერთგულებას და ყურადღებით ვეცნობით და ვითვალისწინებთ თქვენ დასკვნებს და რეკომენდაციებს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა სხდომაზე.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ დებატები გაიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button