skip to content
არჩევნები 2018ახალი ამბები

ბახტაძე საპრეზიდენტო არჩევნებს „დემოკრატიისთვის გამარჯვებად“ აფასებს

„საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში გაიმართა, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 30 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ბახტაძემ სალომე ზურაბიშვილს „დამაჯერებელი“ გამარჯვება მიულოცა. მან ამომრჩევლებს „მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის“, დამკვირვებლებს არჩევნების ინტენსიური მონიტორინგისთვის, ხოლო პოლიციას საკუთარი მოვალეობების „სანიმუშოდ შესრულებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„დღეს მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია და მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს“, – განაცხადა ბახტაძემ.

„მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებს და პროვოკაციებს, ამ ექსცესებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის“, – აღნიშნა მან.

ბახტაძემ სავარაუდოდ, ოპოზიციური კანდიდატის მისამართით განაცხადა, რომ „ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის“.

„რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი…ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „დაახლოებით ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს“.

ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ „ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს“. „ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ბევრი გამოწვევაა გადასალახი…ჩვენი მიზანია, ქვეყნის წინსვლა და განვითარება გახდეს შეუქცევადი“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button