ახალი ამბები

სააკაშვილი შავი ზღვის სანაპიროზე „ახალი დიდი ქალაქის“ აშენებას გეგმავს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 4 დეკემბერს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე, სეპარატისტულ აფხაზეთთან ახლოს, თბილისის შემდეგ „მეორე დიდი ქალაქი“ აშენდება, რომელიც დაკარგული ტერიტორიების დაბრუბნების „მყარი საფუძველი“ გახდება.

ზუგდიდში საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ქალაქის მშენებლობა სახელწოდებით "ლაზიკა" მომავალ წელს დაიწყება. მისი თქმით, ახალი ქალაქი ანაკლიასა და ყულევს შორის განთავსდება.

„ეს იქნება დიდი ქალაქი იმიტომ, რომ ჩემი ვარაუდით ათ წელიწადში აქ იქნება მინიმუმ ნახევარი მილიონი მაცხოვრებელი და ეს იქნება სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქი თბილისის შემდეგ და იქნება მთავარი სავაჭრო, კომერციული და ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში და შავ ზღვაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე მომავალ წელს, გაზაფხულიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის… რამდენიმე ათას ადამიანს დავასაქმებთ ამ ახალი ქალაქის მშენებლობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა. „ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიაში და ევროპაში, რათა მათ ჩადონ ფული ამ ახალი ქალაქის მშენებლობაში. მე მინდა მოვუწოდო საქართველოდან წასულ ხალხს… დაბრუნდნენ და ჩვენთან ერთად ააშენონ ახალი სიამაყე საქართველოსი, ახალი ქალაქი, რომელსაც ჩვენ შევქმნით ნოლიდან“.

მისი თქმით, 90–იანი წლების დასაწყისში, რუსეთმა აფხაზეთი შეარჩია საქართველოზე დარტყმის განსახორციელებლად, რადგანაც ეს რეგიონი ყველაზე იმედის მომცემი იყო ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით. 

„მიუხედავად მტრის ამ გეგმებისა, ჩვენ შევქმნით ახალ დიდ ქალაქს, რომელიც თავიდანვე იქნება ბევრად მეტი, ვიდრე დღეს სოხუმია, იქნება მყარი საფუძველი, რომ საქართველო აუცილებლად დაბრუნდება ჩვენ სხვა ტერიტორიებზე, იმიტომ რომ საქართველო, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია აფხაზეთის გარეშე. მაგრამ ამისთვის ჩვენ გვჭირდება განვითარება, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მოძრაობა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება იმ მომენტის მოლოდინი, როცა იმპერია აუცილებლად ჩამოიშლება და ჩვენ აუცილებლად გაგვიჩნდება შესაძლებლობა და ადგილი მანევრირებისთვის იმისათვის, რომ ჩვენი პოზიციები აღვიდგინოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამისთვის საქართველოს „მუდმივი განვითარება და წინსვლა“ სჭირდება.

 

მსგავსი/Related

Back to top button