არჩევნები 2018ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსმა ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო აქციები გამართა

Tags

„პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით, გასულ კვირას, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, თბილისსა და ბათუმში ორი აქცია გაიმართა.

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია თბილისში 25 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, ყოფილი მერიის წინ გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, ყოფილი ხელისუფლების საწინააღმდეგო შეკრებას 97 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

პატრიოტთა ალიანსის აქციის პარალელურად, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციაც მიმდინარეობდა რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია – მამები მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ უკვე რამდენიმე კვირაა აქციებს მართავენ.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ირმა ინაშვილმა მიმართა და მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „არა ნაციონალურ მოძრაობას, მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა მან.

დეპუტატის თქმით, „არა ნაციონალურ მოძრაობას“, ნიშნავს „არა პატიმრების წამებას, არა ახალგაზრდების ქუჩაში მოკვლას, არა ქონების წართმევას, არა ჩვენი ქვეყნის მიწების ჩაბარებას“.

„ბოკერიები, სააკაშვილები არ გამოსწორდებიან, არ დავუთმობთ საქართველოს ამ მანიაკებს… ამიტომ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ყველა, უნდა მოვიკრიბოთ ძალები, უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მხარი დავუჭიროთ ზურაბიშვილს. დაე, იცოდეს ქალბატონმა სალომემ, რომ მას ირჩევს არა ქართული ოცნება, არამედ უკვე ქართველი ხალხი“, – აღნიშნა მან.

ინაშვილის განმარტებით, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია და „ამ კრიმინალების გამოცხადება მთავარ ოპოზიციურ ძალად იყო ღალატი“. „ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა“, – განაცხადა დეპუტატმა.

„საქართველოს მწამებლებს არ დავუთმობთ, ამიტომ, არა ნაციონალურ მოძრაობას, არა წარსულში დაბრუნებას, წინ მომავლისკენ, ჩვენი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, უნდა გავაერთიანოთ“, – მიმართა მან შეკრებილებს.

25 ნოემბერს ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია სახელწოდებით – „არ დაუბრუნო მოძალადეს ძალაუფლება“ მრგვალ ბაღშიც გაიმართა.

აქციის მონაწილეებს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ დავით თარხან მოურავმაც მიმართა და მათ არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. „არანაირი გამარჯვების საშუალება არა აქვს სააკაშვილს და ვაშაძეს, ამიტომ უნდა გავიგოთ, რომ არ შეიძლება არჩევნებზე არმისვლა და ყველას წაშლა…უნდა მიხვიდე, უნდა დაუჭირო მხარი ზურაბიშვილს და ისე უნდა მოხდეს, რომ 80%-ით მოუგოს მაგას“, – განაცხადა მან.

თარხან-მოურავის თქმით, ნაციონალური მოძრაობა არის ხალხი, ვინც, „300 000 კაცი ჩასვა ციხეში, ვინც აწამა, ვინც მოკლა, ჩააბარა ტერიტორიები, გაყიდა კოდორი“. „გახსოვთ, სააკაშვილი ამბობდა ყველა ციხეშიო? სააკაშვილი ციხეში, ბოკერია ციხეში, არავითარი დანდობა“, – დასძინა მან.

23 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბათუმშიც. დეპუტატმა ირმა ინაშვილმა იქ შეკრებილებსაც მიმართა, მათ არჩევნებზე მისვლისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პატრიოტთა ალიანსის აქციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე. მისი შეფასებით, ქართულმა ოცნებამ „მიტინგი მოუწყო ოპოზიციას, მთელი საქართველოდან ჩამოიყვანა პარტიული აქტივი, შემდეგ კი ეს აქცია პატრიოტთა ალიანსის აქციად მონათლა“.

„პატრიოტთა ალიანსი არის ამ ქვეყანაში ყველაზე ბნელი და პრორუსული ძალა. მათი ლიდერები დღეს პარალელურად მოსკოვში მართავენ სეპარატულ მოლაპარაკებებს. მათი ლიდერები აღვივებენ ანტიდასავლურ და ანტითურქულ სენტიმენტებს. ასეთი ძალაა დღეს ქართული ოცნება. იგივე, პატრიოტთა ალიანსი“, – წერს დეპუტატი.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანიც „სააკაშვილის მოძალადე რეჟიმის“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისთვის ხელის შეშლაა. მოძრაობის წევრები საქართველოს მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ და მათ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხეებზე ესაუბრებიან, ასევე მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
პატრიოტთა ალიანსი 2012 წელს დაფუძნდა. პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 5.1 % (88 097 ხმა) მიიღო, პარლამენტში 6 კაციანი სიით შევიდა და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ ჩამოაყალიბა.

მიმდინარე წლის სექტემბერში ომეგა ჯგუფის ერთ-ერთ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლასა და რეკეტის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, პატრიოტთა ალიანსი მისმა ერთ-ერთმა წევრმა და ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის მეუღლემ ნატო ჩხეიძემ დატოვა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციის წევრების რაოდენობა 6-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. შესაბამისად, პარტიიდან ნატო ჩხეიძის წასვლამ, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ დაშლის საფრთხე შეუქმნა, თუმცა მათ ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შეუერთდა და პატრიოტებმა ფრაქციის შენარჩუნება შეძლეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button