skip to content
ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა

მმართველი პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს სამდივნომ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

პარტიის გადაწყვეტილებას წინ დავით ჭიჭინაძის საჯარო განცხადებები უძღოდა, სადაც მან პარლამენტის თავმჯდომარე 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. დავით ჭიჭინაძის თქმით, ირაკლი კობახიძის კომენტარი, რომ შრომის უსაფრთხოების თაობაზე გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის „ხისტმა პოზიციამ“ საპარლამენტო უმრავლესობას „სწორი ზომების“ მიღების საშუალება არ მისცა, „გაუგებარი“ იყო.

ჭიჭინაძემ ასევე აღნიშნა, რომ კობახიძის განცხადებები „მახსენებენ სხვადასხვა მოვლენებს კომუნისტური პარტიის ყრილობებიდან, როდესაც ვიღაცას გაკიცხავდნენ და მერე უკვე გადაყენებულ ადამიანებს ფეხებით, რომ შედგებოდნენ.“

მმართველი პარტიის სამდივნომ დეპუტატის კრიტიკას 18 ივლისს გამოქვეყნებული განცხადებით უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ დავით ჭიჭინაძემ საჯარო განცხადებებით „შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს, რითაც მან უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები“.

„პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება, სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს“, – ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში, რომელსაც ხელს სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გიორგი ვოლსკი, თამარ ჩუგოშვილი და დიმიტრი სამხარაძე აწერს.

გარიცხვის შემდეგ, კომენტარი დავით ჭიჭინაძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ამყარებს აზრს, რომ ამ ადამიანებს სიმართლის მოსმენა არ სიამოვნებთ“.

ვფიქრობ მე ვარ გამარჯვებული, იქიდან გამომდინარე, რომ მე ბევრად უფრო თავისუფლად შემიძლია ამ ადამიანებს წაუყენო ის პრეტენზიები, რომელიც საზოგადოებას მათ მიმართ გააჩნია“ –  აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძე მმართველი გუნდის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ კრიტიკული განცხადებებით ადრეც გამოდიოდა. 2018 წლის აპრილში მან ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერები, პარლამენტის თვამჯდომარე ირაკლი კობახიძე და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, დეპუტატი მამუკა მდინარაძე „პარტიის ხელში ჩაგდებაში“ და „გუნდური პრინციპების“ დარღვევაში არაერთხელ დაადანაშულა.

დავით ჭიჭინაძე პარლამენტში პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს სახელით ისნის მაჟორიტარული ოლქიდან 2016 წლის არჩევნების შედეგად მოხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button