არჩევნები 2018ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური: ძირითადი თარიღები და პროცედურები

28 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეცვლის. ამ უკანასკნელს პრეზიდენტის პოსტი 2013 წლის ოქტომბრიდან უკავია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკი 14 ნოემბერს, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პირველი რაუნდის შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. ქვემოთ მოცემულია ცესკოს მიერ დადგენილი მეორე ტურის ძირითადი საარჩევნო თარიღები და პროცედურები.

14 ნოემბერი – არჩევნების თარიღი ოფიციალურად დასახელდა;

23 ნოემბერი – ბოლო ვადა პარტიებისთვის, რომ დანიშნონ, შეცვალონ ან გამოიწვიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები;

23 ნოემბერი – ბოლო ვადა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის, რომ ცესკოს დამკვირვებელთა დამატებითი სიები წარუდგინონ;

23 ნოემბერი – ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს თითოეულ საარჩევნო ოლქში;

26 ნოემბერი – ავღანეთში განთავსებული ქართველი სამხედროებისთვის მეორე ტური იმართება;

28 ნოემბერი – არჩევნების დღე. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე იღება და საღამოს 8 საათზე იხურება (ქვეყნის ფარგლებს გარეთ განთავსებული უბნები ღამის 12 საათზე დაიხურება). კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე ხმების დათვლის პროცედურა დაიწყება;

18 დეკემბერი – ბოლო ვადა ცესკოსთვის, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გააფორმოს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა, სადაც ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა. მეორე ტურში გადასულმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა – სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ ხმების 38.64 % და 37.74 % მიიღეს.

მეორე ტურში კანდიდატებს რაიმე ბარიერის გადალახვა აღარ მოუწევთ. ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი გახდება. იმ შემთხვევაში, თუ ორივე კანდიდატი ხმების თანაბარ რაოდენობას მოაგროვებს, საქართველოს პრეზიდენტი პირველი ტურის ლიდერი კანდიდატი გახდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button