skip to content
ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: „საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია“

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა კანადის ქალაქ ჰალიფაქსში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 64-ე ყოველწლიურ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ალიანსის პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან „ძალიან მნიშვნელოვანია“ და რომ ნატოს კარი ღია რჩება ამ ქვეყნებისთვის.

„უკრაინა და საქართველო ნატოს წევრობის გზაზე დგანან, ორივე ქვეყანას მეტი სამუშაო აქვს შესასრულებელი. მათ უნდა განაგრძონ რეფორმების კურსი“, – განაცხადა გიოტმიოლერმა 19 ნოემბერს.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყანა ერთ ჯგუფში არ უნდა მოხვდეს, რადგანაც ისინი „განვითარებისა და რეფორმების განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან“.

გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ „საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და მჭიდროდ მუშაობს ნატოსთან“ და რომ ქვეყანა სამაგალითოა როგორც თავდაცვითი ხარჯების, ისე ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის გამოყენების თვალსაზრისით, ნატოში გაწევრიანებისთვის მომზადების გზაზე.

გიოტმიოლერი მიესალმა საქართველოს როლს ავღანეთის მისიაში და ხაზი გაუსვა მის „უდიდეს მნიშვნელობას“ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის სწავლებების დახმარების საქმეში.

გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, სამხედრო თანამშრომლობა „ძალიან მნიშვნელოვანია“ საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე კონსენსუსის მისაღწევად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია „კონსულტაციის და ღრმა და ინტენსიური ურთიერთქმედების განვითარება პოლიტიკურ დონეზეც“.

ჰალიფაქსი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 64-ე ყოველწლიურ სესიას 16-19 ნოემბერს მასპინძლობდა, რომელსაც ალიანსისთვის აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით, ნატოს 29 წევრი სახელმწიფოს პარლამენტარების გარდა პარტნიორი ქვეყნების დელეგატები და დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.

სხდომას ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებიირაკლი სესიაშვილი, სოფიო ქაცარავა და გიორგი კანდელაკიც დაესწრნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button