ახალი ამბები

ლარი დოლართან მიმართებით უფრო გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 7 ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით ბოლო დროის ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო: ერთი დოლარის ყიდვა 2.7524 ლარად შეიძლებოდა.

ბოლო ერთ თვეში ლარი დოლართან მიმართებით 14 თეთრით, ხოლო უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 30 თეთრით გაიაფდა.

პირველი ოქტომბრის მდგომარეობით 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6151 ლარი იყო. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში 1 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 2.4 ლარიან ნიშნულზე რჩებოდა, თუმცა, აგვისტოს დასაწყისში, ის ერთბაშად 7 თეთრით გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ერთ დღეში 2.4687 ლარიდან 2.5339 ლარამდე გაიზარდა.

სებ-ის პროგნოზით, დოლარის გაძვირება გაგრძელდება და 8 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 2.7656 ლარი ეღირება.

აქამდე დოლართან შედარებით ლარის კურსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წლის დეკემბერში აღირიცხა. მაშინ ერთი აშშ დოლარი 2.7846 ლარი ღირდა.

წყარო: ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი: „არ უკავშირდება ფუნდამენტურ ფაქტორებს“

ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს“.

„კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება. ეროვნული ბანკი დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებში.

ეროვნული ბანკის განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში მთავარი მიზანი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა და „ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა არ დაუშვას მაღალი ინფლაცია“.

30 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიშიც გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივი დონის 3%-ის ახლოს ნარჩუნდებოდა, სექტემბრის მონაცემებით კი, წლიური ინფლაცია 2.7 % იყო. ეროვნული ბანკის განმარტებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან მნიშვნელოვანი გადახრა მოსალოდნელი არ არის. ეროვნულმა ბანკმა უცვლელი დატოვა რეფინანსირების განაკვეთიც (7 %). სებ-ს ბოლო პერიოდში, სავალუტო ბაზარზე რაიმე ტიპის ჩარევა არ განუხორციელებია.

წლის განმავლობაში, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენცია იყო რეგიონშიც. მაგალითად, თუკი წლის დასაწყისში რუსეთში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 56.29 რუბლი იყო, დღეს მისი ღირებულება უკვე 65.99 რუბლია. იგივე ტენტენციაა თურქეთშიც. აქ წლის დასაწყისში 1 აშშ დოლარს 3.76 ლირად იყიდდი, ახლა კი მისი ფასი 5.35 ლირაა. 2018 წელს, დოლართან მიმართებით 7 ლუმით გაუფასურდა სომხეთის ეროვნული ვალუტაც. რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ 1 აშშ დოლარის ღრებულება წლის განმავლობაში სტაბილურაად 1.7 მანათი იყო.

პოლიტიკური განზომილება

ლარის კურსის გაუფასურებაზე ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მმართველ გუნდში კი ლარის გაუფასურებას წინასაახალწლო პერიოდს და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებს უკავშირებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ლარი რომ არ გაუფასურებულიყო,, საჭირო იყო მის გაუფასურებამდე მუშაობა. „ლარის ბედი არის მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელში და თვითდინებაზე ნუ არის მიშვებული, იმოქმედონ. საჭიროა ხარჯების შეზღუდვა და ფულადი საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება“, – განაცხადა მან.

ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები “არასაკმარისია იმ უამრავი მავნებლობის საპირწონედ, რა მავნებლობებიც ქართულმა ოცნებამ და მთავრობამ განვლილი ექვსი წლის განმავლობაში ჩაიდინა”, რითაც ზიანი მიაყენა ეკონომიკას და ლარს.

ლარის კურსთან მიმართებით მოკლე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. „ჩვენ ვმუშაობთ, დეტალებზე, რა თქმა უნდა, აქ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შედეგებს ყველა ვიხილავთ“, – განაცხადა მან.

ანალიტიკოსების შეფასება

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი იმპორტის მოცულობის ზრდა და უცხოურ ვალუტაზე მაღალი მოთხოვნაა, რასაც თან „მაღალი პოლიტიკური ვნებათაღელვა“ დაერთო, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახა ეროვნულ ვალუტაზე.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის შეფასებით კი, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ექსპორტის, ტურისტული ნაკადებისა და ფულადი გზავნილების შემცირებამ გამოიწვია.

თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორის ლადო პაპავას შეფასებით, ვალუტის გაუფასურება ქვეყენაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების თანმდევი პროცესია. ამიტომ, ის პოლიტიკოსებს ისეთი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს, რომელიც პირდაპირ ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩარევისკენ არის მიმართული. პაპავა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშრებით ეროვნული ბანკის პოლიტიკასაც იწუნებს და ამბობს, რომ „ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა გააკეთოს განცხადებები, ხშირ შემთხვევაში ის იგვიანებს და არ არის ადექვატური“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button