Placeholder canvas
ახალი ამბები

79.66 %-ით შემოწირულებებში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

აუდიტის სამსახურის ბოლო მონაცემებით, 17-28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, შემოწირულება ჯამში 11 პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო. ფულადი და არაფულადი შემოწირულებების მოცულობამ 2 866 488 ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში შემოწირულებების 97.65 % – 2 799 620 ლარი ოთხ საარჩევნო სუბიექტზე გადანაწილდა. ჯამური შემოწირულების 79.66 % 2 283 653 ლარი ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, 286 000 (9.97 %) ლარით მას მრეწველობა გადაარჩენს საქართველო მოსდევს, რომლის სახელითაც საპრეზიდენტო არჩევნებში ოთარ მეუნარგია (#22) მონაწილეობდა. შემდეგ მოდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 151 457 (5.28 %) და ევროპული საქართველო 81 235.8 ლარით (2.83 %).

საანგარიშო პერიოდში, 29 550 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო თავისუფალმა საქართველომ, 2 801 ლარი თავისუფალმა დემოკრატებმა, 1000 ლარი ლეიბორისტულმა პარტიამ, 670 ლარი ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ. 33 ლარის ფულადი და 15 522 ლარი არაფულადი სახის შემოწირულება მიიღო ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა, 600 ლარის ოდენობის არაფულადი სახის შემოწირულება მიიღო პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვლადიმერ ნონიკაშვილმაც (#62).

გარდა ფულადი შემოწირულებისა, საარჩევნო უბნებზე 14 პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 5 340 000 ლარი დაიხარჯა. თითოეულმა მათგანმა ბიუჯეტიდან 381 450 ლარის ოდენობის თანხა მიიღო.

28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, რომელზეც ხმების 50 %-ზე მეტის მიღება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო. მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი (38.64 %) და ოპოზიციური გაერთიანების პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე (37.74 %) დაუპირისპირდებიან.

არჩევნების მეორე პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა გაიმართოს. ცესკომ პირველი ტურის შედეგები კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 20 დღეში უნდა გამოაქვეყნოს. არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი გზით ირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button