ახალი ამბები

აუდიტის სამსახური: ქართულმა ოცნებამ მთლიანი შემოწირულებების 45% მიიღო 

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე პერიოდში, პოლიტიკურმა პარტიებმა და მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 22 602 245 ლარის შემოწირულებები მიიღეს.

შუალედურ ანგარიშში, რომელიც 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ყველაზე მეტი შემოწირულება – 10 139 707 ლარის ოდენობით ქართულმა ოცნებამ მიიღო. ეს თანხა მთლიანი შემოწირულებების დაახლოებით 45%-ია.

2 599 290 ლარით მეორე ადგილზეა მამუკა ხაზარაძის ლელო საქართველოსთვის (12%). მას 2 295 309 ლარით (10%) ნაციონალური მოძრაობა მოყვება.

2 015 505 ლარი მიიღო (9%) გიორგი ვაშაძის სტრატეგია აღმაშენებელმა. შემდეგ მოდის პატრიოტთა ალიანსი 1 886 805 ლარით (8%) და ევროპული საქართველო 1 646 295 ლარით (7%).

1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე პერიოდში, 62 სუბიექტიდან (49 პოლიტიკური პარტია, 2 ბლოკი და მაჟორიტარობის 11 დამოუკიდებელი კანდიდატი) შემოწირულებების 91% მხოლოდ ექვსმა პარტიამ მიიღო. ესენია: ქართული ოცნება, ლელო, ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და ევროპული საქართველო.

პოლიტიკური რეკლამები

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკურმა პარტიებმა და მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა პოლიტიკურ რეკლამაზე სულ 17 405 441 ლარი დახარჯეს.

რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა – 8 213 467 ლარი (მთლიანი დახარჯული თანხის 47%) ქართულმა ოცნებამ დახარჯა. შემდეგ მოდიან ნაციონალური მოძრაობა 1 864 982 ლარით (11%) და ლელო საქართველოსთვის 1 793 441 ლარით (10%).

ამავე მიზნით, სტრატეგია აღმაშენებელმა, ევროპულმა საქართველომ და პატრიოტთა ალიანსმა 1 773 088 ლარი, 1 634 575 ლარი და 953 478 ლარი დახარჯეს (10%, 9% და 5%).

შემოწირულებების მსგავსად, მთლიანი სარეკლემო ხარჯების 93% ექვს პარტიაზე მოდის.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსური დეკლარაციების შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ თავისუფალმა საქართველომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ წარმოადგინა ინფორმაცია ნაღდი ფულით (5 450 ლარი) ანგარიშსწორების შესახებ. ამას გარდა, დეკლარაციების შესწავლის შედეგად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევით (ნაღდი ანგარიშსწორებით) შემოწირულების განხორციელების რამდენიმე ფაქტიც გამოვლინდა.

აუდიტის სამსახურმა დარღვევები შემოწირულებების მხრივაც გამოავლინა და ყველა მათგანს სასამართლოს გაფრთხილება მოჰყვა: პარტიამ სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის შემოწირულება იურიდიული პირისგან მიიღო, რომლის აქციონერიც საზღვარგარეთაა დარეგისტრირებული; 2020 წელს ივანე ხაზარაძემ 85 000 ლარი ლელოს შესწირა, რაც კანონმდებლობით შემოწირულებებისთვის დადგენილ ლიმიტს 25 000 ლარით აღემატება.

აუდიტის სამსახურის ცნობით, პარტიამ თეთრები საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2020 წლის აგვისტოში ტელეკომპანია „ობექტივისა“ და „გირჩიტვ“-ის ეთერებში პატრიოტთა ალიანსისა და გირჩის სასარგებლოდ გასული პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობაც შეისწავლა.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, ვიდეორგოლები სატელევიზიო ეთერში უსასყიდლოდ გაუშვეს, რაც აუდიტის სამსახურმა არაფულად შემოწირულებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ პარტიებმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციებში არ ასახეს. ამასთან, აუდიტის სამსახური იმასაც განმარტავს, რომ „მედიაკავშირი ობიექტივი“ არასამეწარმეო იურიდიულ პირია და მას შემოწირულებების განხორციელება საერთოდ აკრძალული აქვს.

აუდიტის სამსახურის განცხადებით, გენერალური პროკურატურიდან შემოსული მასალების, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მან თავისი მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შესწავლა დაიწყო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ა(ა)იპ „დავასრულოთ“-ის მიერ Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოლიტიკური რეკლამის შემცველი ფასიანი ვიდეორგოლის განთავსებისა და ამით შესაძლო აკრძალული შემოწირულების განხორციელების ფაქტის შესწავლაც დაიწყო.

არჩევნების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
 

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button