„TI საქართველო“ პარტიებს შორის ფინანსების არათანაბარ განაწილებაზე საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 8 ივლისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2021 წელს ქართული ოცნების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლები და ხარჯები დანარჩენი პარტიებისას (16) თითქმის ორჯერ აღემატებოდა, რაც „პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს“.
პარტიების შემოსავლები
ორგანიზაციის განცხადებით, 17-მა პოლიტიურმა პარტიამ ჯამში დაახლოებით 43 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 63% (27.4 მლნ ლარი) შემოწირეულებები იყო, 32% (13.9 მლნ ლარი) სახელმწიფო დაფინანსება, 5% (1.8 მლნ ლარი) კი – სხვა ტიპის შემოსავალი, მათ შორის სესხი.
ჯამური შემოსავლების 60% – 26 მლნ ლარი – ქართულმა ოცნებამ მიიღო; 5.1 მლნ ლარი – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ; 3.3 მლნ – ლელომ; 1.9 მლნ ლარი – ევროპულმა საქართველომ; 1.6 მლნ ლარი – ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის; 1-1 მლნ ლარი კი – პატრიოტთა ალიანსმა და სტრატეგია აღმაშენებელმა და სხვ.
კვლევის თანახმად, შემოწირულება 17-დან 13-მა პარტიამ მიიღო, რამაც ჯამურად 27.4 მლნ ლარი შეადგინა. შემოწირულებების 72% – 19.8 მლნ ლარი – ქართულმა ოცნებამ მიიღო; 2.9 მლნ ლარი – ნაციონალურმა მოძრაობამ; 2.5 მლნ ლარი – ლელომ; 1.6 მლნ ლარი – პარტიამ საქართველოსთვის; 236 271 ლარი ევროპულმა საქართველომ და ა.შ.
რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თქმით, „ტრადიციულად“, ყველაზე მეტი თანხა – 5.1 მლნ ლარი (37%) – ქართულმა ოცნებამ მიიღო; 2.2 მლნ ლარი – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ; 1.1 მლნ ლარი – ევროპულმა საქართველომ; 1 მლნ ლარი პატრიოტთა ალიანსმა; 939 925 ლარი – სტრატეგია აღმაშენებელმა და სხვ.
პარტიების ხარჯები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, 17-მა პოლიტიკურმა პარტიამ ჯამში 41.9 მლნ ლარის ხარჯი გასწია, საიდანაც 62% – 25.8 მლნ ლარი – მმართველი პარტიის იყო. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 5.1 მლნ ლარი დახარჯა; ლელომ – 3.3 მლნ ლარი; ევროპულმა საქართველომ – 1.7 მლნ ლარი; პარტიამ საქართველოსთვის – 1.3 მლნ ლარი; პატრიოტთა ალიანსმა – 1.1. მლნ ლარი; სტრატეგია აღმაშენებელმა – 1 მლნ ლარი და ა.შ.
პარტიებმა ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი – 49% (19 მლნ ლარი) რეკლამისთვის გაიღეს. ქართულმა ოცნებამ რეკლამაზე 13.3 მლნ ლარი დახარჯა, რაც ჯამური სარეკლამო ხარჯის 70%-ია. 1.9 მლნ ლარი დახარჯა რეკლამისთვის ლელომ, 1.6 მლნ ლარი ნაციონალურმა მოძრაობამ, 746 893 ლარი – სტრატეგია აღმაშენებელმა და ა.შ.
კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2021 წელს, ქართული ოცნების შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამში დაახლოებით 320 მლნ ლარის სახელწიფო ტენდერი მოიგეს და 19 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს.
„ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 4.5 მლნ ლარი გაიღეს ქართული ოცნების სასარგებლოდ“, – ნათქვამია კვლევაში.
რეკომენდაციები
კვლევაში განმარტებულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირების კუთხით არაეფექტიანია, ამიტომ სასურველია, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეტალურად უნდა შეისწავლოს პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ და დაადგინოს, რატომ აქვს ზოგიერთ პარტიას დეკლარირებული არარეალისტურად მცირე თანხა. „საერთაშორისო გმჭვირვალობა-საქართველო“ ასევე ურჩევს პოლიტიკურ პარტიებს, მაქსიმალურად მოიზიდონ შემოწირულებები და ნაკლებად იყვნენ სახელმწიფოს დაფინანსებაზე დამოკიდებულნი, რამდენადაც ეს უკანასკნელი ზრდის კორუფციულ რისკებს.
-
კვლევის შესახებ უფრო მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)