Placeholder canvas
ახალი ამბები

ზალკალიანი პოლონეთის ლიდერებს შეხვდა და ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპულ ტურნეს პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით განაგრძობს. 24 ოქტომბერს ის თავის პოლონელ კოლეგას შეხვდა და ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ორმხრივი ურთიერთობები

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მისი ქვეყნის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გაიმეორა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ნატოს წევრობას „იმსახურებს“.

ვარშავაში ზალკალიანი პოლონეთის სენატის და სეიმის მარშლებს, სტანისლავ კარჩევსკის და მარეკ კუჩინსკის შეხვდა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ მიღებული რეზოლუციისთვის მადლობა გადაუხადა.

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმშიც მიიღო მონაწილეობა, რომელსაც პოლონეთის დედაქალაქი 24-25 ოქტომბერს მასპინძლობს და სადაც მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები, სამხედროები, ექსპერტები და ჟურნალისტები ევროკავშირისა და ნატოს, ასევე მათი პარტნიორი სახელმწიფოების წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

პოლონეთიდან, უკრაინიდან და ლიეტუვიდან კოლეგებთან ერთად, მინისტერიალის სხდომაზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროინტეგრაციის პროცესი თავისთავად ძალიან საინტერესოა“, რომელიც უზრუნველყოფს „ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, ხოლო კორუფცია აღმოფხვრილი“.

ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უფრო მეტი კონცენტრაცია უნდა მოახდინონ რეგიონზე. ფაქტია, რომ საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა, რომელსაც საკვანძო გეო-პოლიტიკური ადგილმდებარეობა უკავია. საქართველოს ტერიტორიის გავლით, ბევრი მასშტაბური სტრატეგიული ენერგოპროექტი ხორციელდება“.

მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი ზრდის შეიარაღებას სამხედრო ბაზებისა და სამხედრო ტექნიკის სახით, რაც „საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის, განსაკუთრებით კი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვარშავაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ის ლიეტუვას სტუმრობდა. დავით ზალკალიანი საქართველოში 25 ოქტომბერს დაბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button