არჩევნები 2018ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნები 2018: ყოველკვირეული მიმოხილვა N3

Tags

2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით Civil.ge ყოველკვირეული მიმოხილვების გამოქვეყნებას აგრძელებს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატების საქმიანობის, საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის ამ გამოცემაში გასული კვირის (24-30 სექტემბრის) განმავლობაში განვითარებულ მნიშვნელოვან საარჩევნო მოვლენებს გაგაცნობთ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლებს იმ სამი წინასაარჩევნო კლიპის ეთერიდან ამოღების რეკომენდაციით მიმართა, რომლებშიც სალომე ზურაბიშვილი უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი. მარეგულირებლის ეს განმარტება პოლიტიკურ ცენზურად შეაფასეს ოპოზიციურმა პარტიებმა და კომისიის დასაბუთებას „უკანონო და აბსურდული“ უწოდეს. კომისიის რეკომენდაციას ტელკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორმაც უპასუხა და განმარტა, რომ ის ვიდერგოლების ეთერიდან ამოღებას არ აპირებს. მარეგულირებელ კომისიას არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ წერილი გამოხატვის უფლების შეზღუდვის საფრთხეებს შეიცავს და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

პოლიტიკური რეიტინგები

27 სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მისივე დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი მეორე ტურში უნდა გაირკვეს.

კვლევის შედეგების მიხედვით, ოპოზიციური კანდიდატები ლიდერობენ. კითხვაზე – „დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?“ გამოკითხულთა 22 % აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს, 18 % დავით ბაქრაძეს, 15 % სალომე ზურაბიშვილს, 8 % შალვა ნათელაშვილს, 3 % დავით უსუფაშვილს, 2 % ზურაბ ჯაფარიძეს, 7 % სხვა კანდიდატს, 25 %-ს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს.

წინასაარჩევნო კამპანია

  • წინასაარჩევნო კამპანიაში პარლამენტის თავმჯდომარე ერთვება

წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ის ოპოზიციურ პარტიებს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ „შავი პიარის“ აგორებაში ადანაშაულებს და ოპონენტების პირველივე ტურში გარანტირებულ მარცხზე მიუთითებს. მისი თქმით, მმართველ გუნდს „ცივილიზებული, ევროპული ტიპის კამპანიის წარმართვა უნდა და არ სურს, მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს დაემსგავსოს“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი. მისივე განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნებში რეალურად არის სამი კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე, ყველა დანარჩენი კი, ჯამში “ორნიშნას არ აცდება”, მანვე განმარტა, რომ გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ ერთად „27 %-ზე მეტი არ უნდა აიღოს“, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქალბატონი სალომე პირველივე ტურში თავისუფლად მოიგებს არჩევნებს“.

  • ყალბი ინფორმაცია

30 სექტემბერს პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, ყალბი მისამართიდან გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გავრცელებულ წერილში ნათქვამი იყო, რომ თითქოს ის ახალი პოლიტკური ცენტრის – გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს ეჭერდა მხარს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და მოუწოდებს მედიასაშუალებებს ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • პრეზიდენტობის კანდიდატების შეხვედრები მოსახლეობასთან

სალომე ზურაბიშვილი – მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი

„არაევროპულ საარჩევენო გარემოზე“ და „ოპონენტების არაევროპულ ქცევაზე“ საუბრობს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც.

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი გმირთა მოედანზე მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად მივიდა, სადაც მის მიერ აფხაზეთის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, ერთ-ერთი მოქალაქისთვის ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუხდა.

გასულ კვირას, ზურაბიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში გამართა. „მე ვიქნები თქვენზე მზრუნველი პრეზიდენტი. მოდის არა „ზეპრეზიდენტობის“, არამედ ზეპარტიულობის დრო“, – ასე მიმართა მან ხელვაჩაურში ამომრჩეველს.

ლანჩხუთში გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილი ოკუპაციის თემას შეეხო და განაცხადა, რომ ქვეყნის განვითარებას „აფერხებს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა“, თუმცა მისი თქმით, „ამის არ უნდა შეგვეშინდეს, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება“.

გრიგოლ ვაშაძე  – ძალა ერთობაშია

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ემიგრანტებს შეხვდა გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ის სენატის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

გრიგოლ ვაშაძე სოხუმის დაცემის დღეს ამერიკიდან Facebook-ის საშუალებით გამოეხმაურა.

„საქართველოს დროშა აუცილებლად იფრიალებს ფსოუსა და როკის გვირაბზე. ჩემი და ჩვენი ცხოვრებისეული მისია ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა და ეს მოხდება მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული, თანმიმდევრული პოლიტიკით, ეფექტური დიპლომატიით და უსაფრთხოების სისტემების გაძლიერების შედეგად“, – განაცხადა ვაშაძემ.

29 სექტემბერს „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრა თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა. შეხვედრას, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე და გასული წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდნენ. ფილარმონიაში შეკრებილებს მსოფლიო ბანმა და მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემაც მიმართა.

მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირისკენ გაიმართა, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები იმართება.

დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო

ემიგრანტებთან რომში გამართა შეხვედრა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. ემიგრანტებთან შეხვედრაზე ბაქრაძემ ყურადღება უცხოეთში მცხოვრები ქართველების ლეგალურად დასაქმების პერსპექტივებზე გაამახვილა.

გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატს გასული კვირის განმავლობაში, ამომრჩეველთან შეხვედრები ჰქონდა სენაკში, ჭიათურასა, ფოთში და ოზურგეთში. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს, დავით ბაქრაძე მხარდამჭერებთან ერთად ენგურის ხიდთან მივიდა და რუსული ოკუპაცია ადგილზე გააპროტესტა.

დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისში მოსახლეობას ხვდებოდა შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი. პრეზიდენტობის კანდიდატმა, 27 სექტემბერს თავისუფალი დემოკრატების, ეროვნული ფორუმის, შენების მოძრაობის ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შალვა ნათელაშვლილეიბორისტული პარტია

მიგრაციის თემას გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ირანთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების პირობა დადო.

ნათელაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქციაც გამართა და კომპანია ,,ტავ ურბან საქართველო“- ს ოპერირება თურქულ კოლონიალიზმს შეადარა. მანვე განმარტა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი დაირღვევა და „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გადაიქცევა ნამდვილ საერთაშორისო ჰაბად“.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კახეთშიც იმყოფებოდა. მან ადგილობრივებს ალავერდობა მიულოცა.

კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო

სარეკლამო დროსთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა კახა კუკავამ. მისი თქმით, კვალიფიციური სუბიექტებისთვის უფასო წინასაარჩევნო სარეკლამო დროის გამოყოფისა და სატელევიზიო სარეკლამო ხარჯების ანაზღაურებაზე პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მისი განცხადებით, სარეკლამო დრო „დისკრიმინაციულად“ მხოლოდ სამ პარტიაზე ნაწილდება.

ზურაბ ჯაფარიძე – ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი

გასულ კვირას, ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის სიმბოლოებით სხვადასხვა სახის პერფორმანსები მოეწყო ნიუ-იორკში. 30 სექტემბერს პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდასაჭერად, თბილისის მარათონში მიიღო მონაწილეობა და 10 კმ ირბინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button