ახალი ამბები

ჰელსინკის კომისიამ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ მოსმენა გამართა

Tags

ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის კომისიამ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის სახელწოდებითაა ცნობილი, 17 ივლისს მოსმენა გამართა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე არსებული ვითარება შეაფასა და ის ნაბიჯები მიმოიხილა, რომელთა გადადგმაც ომის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, აშშ-ის პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ.

კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ ვიკერმა თავის შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ მოსმენა „დაეხმარება იმის შეფასებას, აკეთებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს იმისათვის, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“ და ხელი შეეშალოს მოსკოვის მიერ მეზობელი სახელმწიფოს საზღვრების და საერთაშორისო წესრიგის ხელყოფას.

„2008 წლის აგვისტოში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიპყრეს საქართველო სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპის პირდაპირი დარღვევით“, – განაცხადა სენატორმა ვიკერმა და დასძინა, რომ ამას ოკუპაციის 10 წელიწადი მოჰყვა, რამაც „ურიცხვი პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დანახარჯები გამოიწვია“.

ჰელსინკის კომისია აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომელიც ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ასევე ეკონომიკური, გარემოს დაცვის და სამხედრო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ჰელსინკის შეთანხმებებთან შესაბამისობას აკონტროლებს. ის აერთიანებს სენატის ცხრა და წარმომადგენელთა პალატის ცხრა წევრს, ასევე თითო წევრს სახელმწიფო, თავდაცვისა და ვაჭრობის დეპარტამენტებიდან.

სენატში გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური საქმიანობების შესახებ ისაუბრა. იგი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მოსაგვარებლად გადადგმულ ნაბიჯებს.

„ამ ათი წლის მანძილზე, რუსეთის ფედერაციამ გააძლიერა უკანონო ნაბიჯების გადადგმა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, ფაქტობრივი ანექსიისკენ“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ინტეგრაციის შესახებ კრემლის მიერ ორ რეგიონთან გაფორმებული ხელშეკრულებები განაგრძობს „საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შთანთქმას რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში“.

ბაქრაძის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვითარება ადგილზე კვლავ „საგანგაშოა“ და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ორ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველები „ძლიერი ეთნიკური დისკრიმინაციის“ მსხვერპლნი ხდებიან, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლების ჩამორთმევისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვის გზით.

ამის შემდეგ, ის აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ ორპარტიულ მხარდაჭერას მიესალმა და ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში და აშშ-ის რუსეთთან დიალოგში დარჩეს. „ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი ლიდერობა მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესის მისაღწევად“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, დეიმონ ვილსონმა განაცხადა, რომ ათი წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერები ვერ შეთანხმდნენ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ წევრობა მხოლოდ დროის საკითხია.

„დღეს, სამიტიდან ათი წლის თავზე და რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობიდან ათი წლის თავზე…ჩვენ რისკის წინაშე ვდგავართ, რადგანაც ჩვენი რიტორიკა ვერ შეესაბამება რეალობას“, – განაცხადა მან და მოკავშირეებს მოუწოდა, მკაფიოდ განაცხადონ, რომ გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება მესამე მხარეს არ აქვს.

Heritage Foundation-ის ელისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა ლუკ კოფიმ განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის საიმედო მოკავშირეა და რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ის დემოკრატიის მიმართულებით წარმატებულ კურსს ახორციელებს.

„ამერიკის ინტერესშია, რომ საქართველო დარჩეს ამ გზაზე“, – განაცხადა მან და ნატოს წევრობისკენ ქვეყნის მისწრაფების შემდგომი წახალისების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

მოსმენამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 16 ივლისს ჰელსინკიში თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პუტინმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინისკენ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button