ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრომ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარუდგინა

იუსტიციის სამინისტრომ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნინო გოგნიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე და პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძე წარუდგინა.

საპროკურორო საბჭოსთვის წარსადგენი სამი კანდიდატი იუსტიციის სამინისტრომ დღეს დაასახელა. შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი მთავარი პროკურორობის კანდიდატად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა, შალვა შავგულიძის კანდიდატურა კი, პარტია ევროპულმა საქართველომ.

მთავარი პროკურორის შესარჩევად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო კონსულტაციები მიმდინარე წლის 4 ივნისს დაიწყო და კანდიდატების წარდგენის ვადა 4 ივლისს ამოიწურა. მთავარი პროკურორობის პოსტზე სულ 21 კანდიდატი იყო წარდგენილი, თუმცა სამი მათგანი შესარჩევ კონკურსს პირადი გადაწყვეტილებით გამოეთიშა და საბოლოოდ, იუსტიციის სამინისტრომ არჩევანი 18 კაციანი სიიდან გააკეთა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატს 15 წევრიანი საპროკურორო საბჭო შეარჩევს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობს. საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატს, იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს. მთავრობის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საქართველოს პარლამენტს წარედგინება, რომელიც გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძისა და საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომას და მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვდნენ. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა იმავე დღეს დატოვა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button