skip to content
ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტები მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას და იმ 15 წევრიანი საპროკურორო საბჭოს რეფორმირებას სთხოვენ, რომელიც მთავარ პროკურორს ირჩევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვა, რომელსაც ხელს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები: ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ალეკო ცქიტიშვილი და ნათია კუპრაშვილი აწერენ, ღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ დღეს გავრცელდა.

მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, პროკურატურისადმი ნდობა „სერიოზულად შეირყა“. მათი განმარტებით, „არსებული მანკიერი წესით“ მთავარი პროკურორის არჩევა, საზოგადოებაში ამ ინსტიტუტისადმი უნდობლობას კიდევ უფრო გაზრდის. სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, არსებული მოდელი და საპროკურორო საბჭოში პროკურორების რაოდენობა პროკურატურაში კორპორაციულ, კლანურ სისტემად ჩამოყალიბების საფრთხეებსაც ქმნის.

მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა პროკურატურის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სწორედ „მთავარი პროკურორის გამართული წესით არჩევაა“. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აზრით, პარლამენტის წევრები და იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს წევრები არ უნდა იყვნენ და მთავრობა მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში არ უნდა მონაწილეობდეს, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც არის გათვალისწინებული.

მიმართვის ავტორებმა ყურადღება მათ მიერ პარლამენტში დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზეც გაამახვილეს და განმარტეს, რომ კანონპროექტით, იცვლება არა მხოლოდ მთავარი პროკურორის არჩევის წესი, არამედ საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი დაკომპლექტების წესიც, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანს.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის 19 ივნისს წარედგინა. კანონპროექტის თანახმად, 15 წევრიან საპროკურორო საბჭოში აღარ იქნებიან იუსტიციის მინისტრი და პარლმენტის წევრები. ასევე საბჭოში შემავალი პროკურორების რაოდენობა 8-დან 5-დე შემცირდება. ნდობის მისაღებად საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული პროკურორობის კანდიდატი, მთავრობის ნაცვლად, პირდაპირ პარლამენტს წარედგინება.

მთავარი პროკურორის შესარჩევად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო კონსულტაციები მიმდინარე წლის 4 ივნისს დაიწყო და პროცესი ერთ თვეში დასრულდა. იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი 18 კაციანი სიიდან შეარჩია და განსახილველად საპროკურორო საბჭოს 6 ივლისს გადაუგზავნა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატს 15 წევრიანი საპროკურორო საბჭო შეარჩევს. საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატს, იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად, საქართველოს მთავრობას წარუდგენს. მთავრობის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საქართველოს პარლამენტს წარედგინება, რომელიც გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლეობით იღებს.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძისა და საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომას და მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვდნენ. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა იმავე დღეს დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button