skip to content
ახალი ამბები

ჯერი კონოლი: რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია უნდა დასრულდეს

„სამეზობლოში, სადაც ხშირად ავტოკრატული და ავტორიტარული მმართველობა იკიდებს ფეხს, ქართველ ხალხს ყოველთვის ჰქონდა თვითგამოხატვისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამბედაობა და დემოკრატიული მმართველობისათვის საჭირო პოლიტიკური პლურალიზმი“, – განაცხადა 21 მაისს კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

კონოლიმ, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარეა, განმარტა, რომ საქართველომ „მისი რუსეთთან მეზობლობის პირობებში“, დემოკრატიული კურსის არჩევით, დიდი გამბედაობა გამოიჩინა და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის საქართველოს გვერდით იქნება.

„ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ საქართველო თავის ტერიტორიებს არ დაიბრუნებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია უნდა დასრულდეს“, – ხაზი გაუსვა კონგრესმენმა.

კონოლიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ავტორიტარიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ, „სომხეთი მაგალითს საქართველოსგან აიღებს და მის მოდელს მიჰყვება“.

კონგრესში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოვიდა და კანონმდებლებს საქართველოს მხარდაჭერისა და საქართველო-ამერიკის პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილი შტატებში 21 მაისს გაემგზავრა და ვიზიტს 23 მაისს დაასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button