მთავარი / ახალი ამბები / საქართველოში სომხეთის პროტესტებზე არაერთმნიშვნელოვანი რეაქციაა

საქართველოში სომხეთის პროტესტებზე არაერთმნიშვნელოვანი რეაქციაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადადგომას თბილისში თავშეკავებული დებატები მოყვა, რა დროსაც პოლიტიკოსები და ექსპერტები განსხვავებულ გზავნილებს ახმოვანებდნენ მიმდინარე მოვლენებზე, ასევე მის შესაძლო შედეგებზე რეგიონული პოლიტიკისა და საქართველო-სომხეთის ურთიერთობებისთვის.

ქართული ოცნების დეპუტატები და ოფიციალური პირები დუმილს ამჯობინებდნენ მას შემდეგ, რაც სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, გარდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილისა, რომელმაც თავის კოლეგას 17 აპრილს Twitter-ის მეშვეობით გამარჯვება მიულოცა.

დეპუტატმა გია ვოლსკიმ, რომელიც მმართველი პარტიის პირველი და ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელმაც დუმილი დაარღვია, განუცხადა ჟურნალისტებს გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.

„ეს არის ის საკითხი, რომელიც საქართველოს მარტო იმიტომ არ აინტერესებს, რომ კეთილეზობლური ურთიერთობა აქვს მეგობრულ ქვეყანასთან, ეს პრაგმატული ინტერესია სტაბილურობის. იმედია, რომ საერთო ენას გამოძებნიან დაპირისპირებული მხარეები და იმედია, რომ თვითონ რესურსი პარლამენტში, პოლიტიკურ გუნდებში რაც არსებობს, გამოყენებული იქნება ამ მიზნით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ოპოზიციური ევროპული საქართველოდან განაცხადა, რომ თბილისმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოს კეთილმეზობლური ურთიერთობები სომხეთთან. დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის 17 აპრილს განცხადებაც გააკრიტიკა და მას „ნაჩქარევი“ უწოდა.

კაპანაძის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და ეროვნული უშიშროების საბჭო მზად უნდა იყვნენ რეაგირებისთვის „იმ შემთხვევაში, თუ სომხეთში ვითარება დაიძაბა, განსაკუთრებით ყარაბაღში“.

სომხეთის მოვლენებზე საუბრისას ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ „ის, რაც მოხდა სომხეთში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული მასშტაბის მოვლენა“.

„ეს არის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყება პირველ რიგში; მე ბევრ სომეხთან მაქვს ურთიერთობა და მათ ყელში აქვთ ამოსული ის, რომ რუსეთი მოაჯდა იქ ყველაფერს და უნდა ვთქვა, რომ ეს არის ასევე გამოვლინება იმის, რომ ხალხის ნება ყოველთვის არის უმთავრესი, რომ ხალხი ყველანაირ ოლიგარქიას დაამარცხებს, ყველანაირ ტყუილს დაამარცხებს და ხალხი ყოველთვის გამოვა ყველაფრისგან გამარჯვებული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„საქართველოსთვის ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა… საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ხმას, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის თავისუფლებას და ვერანაირი ფული, ვერანაირი ხრიკები… ვერანაირი რუსეთის მხარდაჭერა, ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეაჩერებს ხალხის სუვერენულ ნებას, იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, რომ განთავისუფლდეს საზიზღარი წნეხისგან, ოლიგარქების მხრიდან, ბანკების მხრიდან, მძარცველების მხრიდან“, – დასძინა მან.

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც სარგსიანის გადადგომიდან მალევე განცხადება გამოაქვეყნა, აღნიშნა, რომ „ყურადღებით აკვირდება“ სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს.

„საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ ერევანში მიმდინარეობს სომხეთის მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, როგორც თავად უწოდეს, "ხავერდოვანი ბრძოლა" ევროპული ფასეულობებისა და მომავლისათვის, რასაც საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლის და სამოქალაქო დიალოგის მიღებული ფორმებით“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს, რომ ერევანში მიმდინარე პროცესები უკავშირდება როგორც სომხეთში, ისე მთლიანად რეგიონში რუსეთის დესტრუქციული გავლენების განეიტრალებას, რუსეთის გარეშე რეგიონის ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას და გრძელვადიანი რეგიონალური უსაფრთხოების მიღწევაზე თანასწორად ჩართულობას და პასუხისმგებლობის აღებას“, – აცხადებს პარტია.

About Civil.ge

This is a product produced by Civil.ge team, delivering news and commentary on Georgia since 2001.