skip to content
ახალი ამბები

ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული 35 წლის საქართველოს მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს დილას გარდაიცვალა.  

ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი წინა დღეს ახალგორში დააკავეს და „ცხინვალში გადაიყვანეს დასაკითხად“. ამავე ინფორმაციით, საგამოძიებო იზოლატორში დაბრუნებისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაზიანებები მიიღო, იგი წააქციეს და კიბეზე დაგორდა. მალევე, იგი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორ საათში გარდაიცვალა. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „გვამის გაკვეთის წინასწარი შედეგებით, ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა“.

ცხინვალის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ტატუნაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და მას „ოსების წინააღმდეგ გენოციდში“, საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან კავშირში და „რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დივერსიების მომზადებაში“ ედებოდა ბრალი.

ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი „სამხრეთ ოსეთში ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს“ დააკავეს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ახალგორის მუნიციპალიტეტში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე თბილისის იურისდიქციას ექვემდებარებოდა, 4209 ადამიანი ცხოვრობს.  მათგან 2337 (55.5%) ეთნიკური ქართველია.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button