ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსის წევრებმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეხვედრები გამართეს


პატრიოტთა ალიანსის წევრები მოსკოვში, რუსეთის დუმის დეპუტატებთან შეხვედრაზე, 11 ივლისი, 2017. ფოტო: www.duma.gov.ru

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, პატრიოტთა ალიანსის, წევრებმა, მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან 11 ივლისს შეხვედრა გამართეს და თანამშრომლობის არაფორმალური ჯგუფის შექმნის შესახებ მოილაპარაკეს.

პატრიოტთა ალიანსის სამკაციანი დელეგაცია, გიორგი ლომიას, ადა მარშანიას და ნატო ჩხეიძის შემადგენლობით, ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში 10 ივლისს გაემგზავრა. გუშინ კი, შეხვედრა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ისა და ევრაზიული ინტეგრაციის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, ლეონიდ კალაშნიკოვთან, გამართა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივა, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები, ასევე სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ისაუბრეს ჰუმანიტრულ თემებზეც. 

„განვიხილეთ არსებითი საკითხები და შევძელით არაფორმალური ჯგუფის შექმნა ქართველ დეპუტატებთან ერთად“, – აღნიშნა კალაშნიკოვმა და დაამატა: „ჩვენ იშვიათად ვხვდებოდით და ეს არ არის ნორმალური. პარლამენტი – ეს ხომ შეხვედრები, მოლაპარაკებები, დიალოგი და კომპრომისია“.
 
შეხვედრის შემდეგ კომენტარი ადა მარშანიამ გააკეთა. მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსი საქართველოს პარლამენტს ანალოგიური არაფორმალური ჯგუფის შექმნას  შესთავაზებს.
მარშანიამ ასევე ისაუბრა აფხაზებთან და ოსებთან „პირდაპირ დიალოგზე“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში რუსეთის დახმარების იმედი აქვს.  

მოსკოვში ვიზიტის შესახებ გიორგი ლომიამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მართალია, ეს „პოლიტიკურად არაპოპულარული ნაბიჯია“, მაგრამ „საქმე უნდა კეთდებოდეს და არა მუდმივად პოლიტიკური პიარი“.

„გვინდა შევთავაზოთ მოსკოვს ახალი დიალოგის ფორმატი: ეს იქნება საქართველო-რუსეთი-ნატოს სამმხრივი ფორმატი, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს ჩვენს ქვეყანას, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი“, – განაცხადა ლომიამ.

12 ივლისს, ბრიუსელში, თავის ბელგიელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მოსკოვში პატრიოტთა ალიანსის წევრების ვიზიტის კომენტირებისას, რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს „ურთიერთობების არხი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინსა, და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს, შორის. ლავროვმა მზადყოფნა გამოთქვა მოლაპარაკების სხვა ფორმატებისთვისაც, „რომელიც მხარეებისათვის მისაღები იქნება“. „ვფიქრობთ, რომ ეს სასარგებლო იქნება“, – დასძინა ლავროვმა.

ვიზიტის შესახებ საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსკოვში გამართულ შეხვედრას „პარტიული ვიზიტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ამას ვერნაირი კავშირი ვერ ექნება პარლამენტთან“. „ჩვენ ასეთ ვიზიტებს ვემიჯნებით“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button