ახალი ამბები

სააკაშვილი ქართული პოლიციის ‘ქმედუნარიანობას’ მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ქმედითუნარიანი პოლიციური ძალა ჩამოყალიბდა.


“ადამიანები ყველგან არიან კარგები და ცუდები, მთავარია როგორია სისტემა, როგორია ხელმძღვანელობა“, –  განაცხადა პრეზიდენტმა 24 ივნისს ბათუმში, აჭარის სამხარეო პოლიციის ახალი შენობის გახსნის ცერემონიალზე.


“ჩვენ ორ წელიწადში შევქმენით ევროპაში ყველაზე ეფექტური, ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი, ერთ-ერთი ყველაზე ქმედითუნარიანი, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საპოლიციო ძალა. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც იყო ყველაზე მექრთამე და უავტორიტეტო პოლიცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, უახლოეს ხანში პოლიციას ანაზღაურება გაეზრდება. 


სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავარია დანაშაულთან ბრძოლის გაგრძელება, თუმცა აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში ამ მხრივ სტატისტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.  


“თუმცა არა ყველა მიმართულებით -ზოგიერთი დანაშაული შემცირდა, ზოგიეთი ჯერ კიდევ არ შემცირებულა, ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button