skip to content
ახალი ამბები

ევროპოლმა და საქართველომ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი


ევროპოლის დირექტორი რობ უენრაითი და საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელს აწერენ შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, თბილისი, 4 აპრილი, 2017 წ. ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უენრაითმა ხელი მოაწერეს ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ტერორიზმთან, ასევე სერიოზულ და ტრანსსასაზღვრო დანაშაულებთან, როგორიცაა ნარკოტრეფიკინგი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაული და მიგრანტების კონტრაბანდა, ბრძოლის საქმეში თანამშრომლობას ითვალისწინებს. 

შეთანხმება ევროპოლის მანდატის ფარგლებში დანაშაულის ყველა სფეროს მოიცავს და ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა, მათ შორის, ეჭვმიტანილი დამნაშავეების პირადი ინფორმაციის და ქმედებების ერთობლივი დაგეგმვის შესახებ. დოკუმენტის ფარგლებში, საქართველო ეროვნულ საკონტაქტო პირს გამოყოფს, რომელიც ევროპოლსა და საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მოკავშირის როლს შეასრულებს.   

„ამ შეთანხმებას ისტორიულს ვუწოდებ, ვინაიდან ეს არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. დღეიდან საქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ხდება, რასაც ჩვენი თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან სრულიად ახალ საფეხურზე გადაჰყავს… ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას, ეს ნიშნავს უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ევროპის სამართლადამცავ უწყებებთან და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ ერთობლივ ბრძოლას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროპული ოჯახის წევრი სამართალდაცვის სფეროში“, – გიორგი მღებრიშვილმა თბილისში 4 აპრილს დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

ევროპოლის დირექტორის რობ უენრაითის თქმით, ევროპოლი მზად არის საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს და აღიარებს, რომ "ეფექტური თანამშრომლობა სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირთან საქართველოს მზარდი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ელემენტია“. 

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა, ხოლო ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ ამოქმედდება.

ევროპოლი, რომლის შტაბბინაც ჰააგაში მდებარეობს, ევროკავშირის სამართალდაცვითი სტრუქტურაა, რომელიც ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოს სერიოზული საერთაშორისო დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

ორგანიზაცია ასევე თანამშრომლობს ევროკავშირის არაწევრ ბევრ სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მას ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები მსოფლიოს მასშტაბით 16 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button