ახალი ამბები

პარტია თავისუფალ დემოკრატებს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

თავისუფალმა დემოკრატებმა 19 თებერვალს მეხუთე ყრილობა გამართეს და გამგეობის ახალი წევრები აირჩიეს. პარტიის ახალი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გახდა.

პარტიის ყრილობამდე დაახლოებით ოთხი თვით ადრე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც თავისუფალმა დემოკრატებმა ხმების 4.63% მიიღეს და რამდენიმე ათასი ხმა დააკლდათ საარჩევნო ბარიერის გადასალახად. არჩევნებიდან მალევე პარტია რამდენიმე ლიდერმა დატოვა,  მათ შორის თავმჯდომარემ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

დაახლოებით 360-მა დელეგატმა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდა ყრილობაზე დასასწრებად, პარტიის ახალი თავმჯდომარის პოსტზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ყოფილი ადვოკატი შალვა შავგულიძე, პარლამენტში ქართული ოცნების სიით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შევიდა, თუმცა მოგვიანებით მან პარტია დატოვა და 2014 წელს თავისუფალ დემოკრატებს შეუერთდა.

„ახალი თავმჯდომარის და ახალი გამგეობის არჩევით პარტიის კურსი და ღირებულებები არ შეცვლილა“, – განაცხადა შავგულიძემ ყრილობის შემდეგ.

„ჩვენ ისევ ვრჩებით ლიბერალური ღირებულებების პარტიად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლებები უნდა იყოს სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბების ყველაზე რეალური შესაძლებლობაა ჩვენი სრულფასოვანი ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – დასძინა მან.

თამარ კეკენაძემ, რომელიც პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს, განუცხადა პარტიის წევრებს, რომ თავისუფალი დემოკრატები განაგრძობენ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას.

„ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ არ მივაღწევთ იმ მიზნებს, რის საფუძველზეც შეიქმნა პარტია რვა წლის წინ:  თავისუფალ დემოკრატებს გვინდა ვიხილოთ საქართველო ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ჩვენი ქვეყანა გამთლიანებული, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა უზრუნველყოფილი, ჩვენი და თითოეული ადამიანის თავისუფლება და უსაფრთხოება დაცული“, – განაცხადა კეკენაძემ.

ყოფილმა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ, რომელიც პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა, ასევე მიმართა ყრილობაზე დამსწრე საზოგადოებას.

„თავისუფალი დემოკრატების მიზანია ისეთი სახელმწიფოს აშენება, სადაც იქნება თავისუფლება, დემოკრატია და კეთილდღეობა. თავისუფლებას იცავს დემოკრატია. დემოკრატიას აზრს ანიჭებს თავისუფლება. ამიტომ ჩვენ, როგორც პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური მიზანი იქნება ადამიანების გათავისუფლება შიშისგან, ანგარებისგან და სიღარიბისგან“, – განაცხადა მან. 

გამგეობის წევრები გახდნენ: ყოფილი დეპუტატები შალვა შავგულიძე და ნინო გოგუაძე, ასევე თამარ კეკენაძე, ლევან სამუშია, დევი ტაბიძე, თინათინ რევაზაშვილი, ემზარ კაკულია და ვახტანგ მჭედლიძე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button