ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას სახელწოდება და ხელმძღვანელი შეეცვალა

ნაციონალური მოძრაობის გაყოფიდან მეორე დღეს, ამ ოპოზიციური პარტიის სიით პარლამენტში გასული დეპუტატების უმრავლესობამ, რომლებიც ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას გეგმავენ, ნაციონალური მოძრაობის 21-წევრიანი ფრაქციის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია გადააყენა, ფრაქციას კი სახელწოდება შეუცვალა.

კერძოდ, მას ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ეწოდა, რომელსაც დეპუტატი სერგო რატიანი უხელმძღვანელებს, ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ნიკა მელიას ნაცვლად. 

13 იანვარს პარლამენტში გამართულ შეკრებაზე ამ გადაწყვეტილებების მიღებას პარტია ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი დეპუტატები არ დასწრებიან, რომლებიც სავარაუდოდ, ახალ ფრაქციას ჩამოაყალიბებენ.

„ნაციონალურ მოძრაობას აუცილებლად ეყოლება საპარლამენტო ფრაქცია, რომელიც არ იქნება უმცირესობის შემადგენლობაში“, – განუცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა ჟურნალისტებს პარასკევს.

დღესვე საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ მეორე ფრაქციასაც  – „ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის“  – შეეცვალა სახელწოდება და მას „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ დაერქვა. თუმცა, როგორც ამ ფრაქციის თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ევროპული საქართველო მხოლოდ ფრაქციის დასახელებაშია და ეს არ ნიშნავს, რომ დაგეგმილ პოლიტიკურ გაერთიანებას ეს სახელი ექნება. 

"ევროპული საქართველო" იმ პარტიის სახელწოდებაა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ბლოკში შევიდა პარლამენტში და შედეგად, საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად ცესკოში წევრის ადგილიც მიიღო. დეპუტატ გიგი წერეთლის მამის დაფუძნებულ ამ პარტიას ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული წევრები, სავარაუდოდ, თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ.   

ხოშტარიას თქმით, მის ფრაქციაში გადავლენ დეპუტატები ირაკლი აბესაძე და თენგიზ გუნავა, რადგან მისი 6-წევრიანი ფრაქციიდან გასვლის სურვილი გამოთქვეს ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილმა დეპუტატებმა რომან გოცირიძემ და სალომე სამადაშვილმა.

ფრაქციებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც შესაბამის გადაწყვეტილებებს ცნობად პარლამენტის ბიურო მიიღებს. სწორედ, ამის შემდეგ გახდება ნათელი ფრაქციებში გადაჯგუფებულთა კონკრეტული შემადგენლობა.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ იმ 27 დეპუტატიდან, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე პარტიული სიით პარლამენტში შეიყვანა, შემდეგი 20 დეპუტატი გამოეყო ნაციონალურ მოძრაობას: უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე; გიგა ბოკერია, სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ტუღუში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, გიორგი ღვინიაშვილი, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, მამუკა ჩიქოვანი, ზაზა კედელაშვილი და გიორგი კანდელაკი.

ნაციონალურ მოძრაობაში დარჩნენ დეპუტატები: ნიკა მელია, სალომე სამადაშვილი, რომან გოცირიძე, თინა ბოკუჩავა; ასევე, სავარაუდოდ, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელ მხარეს აღმოჩნდება დეპუტატი აზერ სულეიმანოვი.

ფრაქციის არსებობისთვის მინიმუმ 6 დეპუტატის ერთობაა საჭირო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button