ახალი ამბები

უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა გაუქმდა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე პარლამენტის მიერ 2014 წლის 31 დეკემბრამდე დაწესებული აკრძალვა.

სასამართლომ განაცხადა, რომ სადავო ნორმა „ძალადაკარგულად გამოაცხადა“, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა საკუთრებისა და თანასწორობის უფლებებთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ დებულებებს.

მორატორიუმის დაწესების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქართული ოცნების ორი დეპუტატის ინიცირებული იყო, პარლამენტმა 2013 წლის 28 ივნისს დაამტკიცა და ის ძალაში 17 ივლისს შევიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ეს ნორმა საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ავსტრიელმა თანამშრომელმა მათიას ჰუტერმა სექტემბერში გაასაჩივრა.

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო მიესალმა ცხრა თვის თავზე მისი სარჩელის დაკმაყოფილებას. ორგანიზაციის თქმით, ამკრძალავი ნორმა, რომელიც თითქმის ერთი წლის მანძილზე მოქმედებდა, უცხოელებს „დისკრიმინაციულ მდგომარეობაში“ აყენებდა და უცხოელ ინვესტორებს „პრობლემებს უქმნიდა“.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button