ახალი ამბები

ვან რომპუი: ასოცირების შეთანხმება „საბოლოო მიზანი არ არის“



ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, 14 მაისი. ფოტო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ, რომელმაც 14 მაისს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართა, განაცხადა, რომ ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც 27 ივნისს ბრიუსელში მოეწერება ხელი, „ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი არ არის“.

ქართული მხრიდან შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ხელს მოაწერს  პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დაგეგმილ ცერემონიაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურები დაესწრებიან.

„ჩვენს ურთიერთობებში და თქვენი ქვეყნის ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი ახალი ფაზის დაწყების ნიშანი იქნება“, – განაცახდა ჰერმან ვან რომპუიმ თბილისში პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, „ამ გზის არჩევით საქართველო გამოხატავს თავის ვალდებულებას ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, საკუთარი მოქალაქეების უფლებების პატივისცემის და კანონის უზენაესობის მტკიცე მხარდაჭერის მიმართ“.

ჰერმან ვან რომპუიმ, რომელიც თბილისში უკრაინასა და მოლდოვაში სტუმრობის შემდეგ ჩამოვიდა, განაცხადა, რომ ევროკავშირი „მტკიცედ იდგება საქართველოს გვერდით“ მის მიერ ამ შეთანხმების განხორციელების გზაზე.

საქართველოსთან ერთად ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებას 27 ივნისს ბრიუსელში მოლდოვასთანაც მოაწერს ხელს.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო „განუხრელად“ მიყვება ევროპული ინტეგრაციის კურსს.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი. ეს არის, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის არჩევანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

„ასოცირების პროცესი არის ძალიან შრომატევადი და ფართომასშტაბიან რეფორმებს ითვალისწინებს; ამიტომ ჩვენ ვართ მზად კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით“, – დასძინა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ძალიან აფასებს „პრემიერ–მინისტრის ძალისხმევას  ამბიციური რეფორმების განხორციელების კუთხით“, რაც , სხვა საკითხებთან ერთად ასევე მოიცავს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობას.

იგი მიესალმა სქართველოს მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას და აღნიშნა, რომ „მრავალფეროვნება ჩვენს დნმ–შია“.

„თანამედროვე საზოგადოებები იცავენ ადამიანის უფლებებს და ყველა ადამიანის ღირსებას, მიუხედავად მათი კანის ფერისა, რელიგიისა, სქესისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. საქმე არ ეხება ‘ტრადიციულ ღირებულებებს’ ან ‘ევროპულ ღირებულებებს’. ეს არის საყოველთაო ადამიანური ღირებულებები. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით საქართველომ აჩვენა, რომ ის იზიარებს ამ ღირებულებებს და მზად არის დაიცვას ისინი – ყველა მოქალაქის სასარგებლოდ“, – განაცხადა ჰერმან ვან რომპუიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კარგი გამოცდილება დაუგროვდა და „პოლარიზაციის თავიდან აცილება“ ამ ტენედენციას უფრო გააძლიერებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული „შემაშფოთებელი ვითარება რეგიონში“. მან დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ევროკავშირი „შეშფოთებულია იმ დაბრკოლებების გამო, რომელიც თავისუფალ გადაადგილებას შეექმნა“ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების გასწვრივ.

უკრაინასთან დაკავშირებით ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიეროს, თუ ის უკრაინაში კვალავაც გააგრძელებს სიტუაციის დესტაბილიზაციას. „ამ ეტაპზე უშუალო მიზანს წარმოადგენს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების უზრუნველყოფა“ უკრაინაში 25 მაისს, განაცხადა მან.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული სირთულეების ფონზე, ევროკავშირის მხრიდან კიდევ უფრო აქტიურ მხარდაჭერაა საჭირო. 

„მჯერა, რომ ევროკავშირი მეტ მხარდაჭერას და დახმარებას აღმოუჩენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რომლებმაც ევროპული არჩევანი გააკეთეს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.

„თავისუფალი, ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის პროექტი ჯერ არ შემდგარა. და ველით, რომ ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ევროკავშირი აქტიურ როლს შეასრულებს ამ მიზნის მიღწევაში“, – დასძინა მან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის და ამ გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ თბილისში ევროპის სახლში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რის შემდეგაც ის პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდა. 

ვან რომპუიმ განაცხადა, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზის არჩევა „არ უნდა იქნას განხილული როგორც სხვა პარტნიორებთან ახლო ურთიერთობებზე უარის თქმა“.

„ეს არ უნდა განიხილებოდეს ნულოვანი ჯამის მქონე თამაშად. რუსეთი მეზობელია. მაგრამ კარგი მეზობლები პატივს სცემენ ერთმანეთის საზღვრებს. ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა სტაბილურობის წინაპირობაა, როგორც აქ, ასევე სხვაგან ევროპაში“, – განაცხადა მან, „ასოცირების შესახებ შეთანხმება, თავისი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტით, სრულად თავსებადია გაუმჯობესებულ ვაჭრობასთან კავკასიის მასშტაბით“.

მისი თქმით, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ შესაძლოა წარმოიშვას გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით „თქვენს დასაშინებლად“.

„მაგრამ თქვენმა ქვეყანამ იცის, როგორ გაუმკლავდეს ამ ზეწოლას. თქვენ საუკეთესო პოზიციაში ხართ იმისათვის, რომ ამგვარი რისკები არ მოხდეს,“-  განაცადა ვან რომპუიმ, „ძალადობა სიძლიერის მაჩვენებელი არ არის. ნუ გახდებით მსხვერპლი მათ ხელში, ვისაც სურს ‘დაყოს და იბატონოს’. თქვენი ყველაზე დიდი სიძლიერე თქვენი თავისუფალი საზოგადოების ცხოვრების წესშია.“

შიდა გამოწვევებზე საუბრისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ეხება ღირებულებებს და ევროკავშირი თვალს ადევნებს, თუ როგორ ხდება ამ ღირებულებების დაცვა საქართველოში.

„ეს ეხება სასამართლოების დამოუკიდებლობას, უდანაშაულობის პრეზუმპციის პატივისცემას, პლურალიზმს და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ასევე ეხება ნორმალურ ურთიერთობას ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, სადაც არ იქნება პოლარიზაცია“, – განაცხადა რომპუიმ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button