ახალი ამბები

თეთრი სახლის ცნობით, საქართველო სირიის შესახებ განცხადებას შეუერთდა

საქართველო იმ  რვა დამატებით ქვეყანას შორისაა, რომელთაც ბოლოს მოაწერეს ხელი სირიის შესახებ აშშ–ის მიერ ინიცირებულ განცხადებას, რომელიც გმობს პრეზიდენტ ბაშარ ალ–ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის და „ძლიერი საერთაშორისო რეაგირებისკენ“ მოუწოდებს, განაცხადა თეთრმა სახლმა 10 სექტემბერს.

განცხადებას, რომელიც პირველად აშშ–მ და კიდევ 10–მა თავდაპირველმა ხელმომწერმა ქვეყანამ გასულ კვირას სანკტ–პეტერბურგში დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ გამოაქვეყნეს, ამ დრომდე სულ 33 ქვეყანა შეუერთდა.

„ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ დამატებით სხვა ქვეყნებმაც გამოხატეს მხარდაჭერა განცხადების და ჩვენი შემდგომი ძალისხმევის მიმართ, რომ პასუხი ვაგებინოთ ასადის რეჟიმს და ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ საერთაშორისო ნორმა ავამოქმედოთ“, – განაცხადა თეთრმა სახლმა 10 სექტემბერს.

ამასთან, 10 სექტემბერს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ მან კონგრესს სამხედრო ქმედებაზე სანქციის გაცემის თაობაზე კენჭისყრის გადადება სთხოვა იმისათვის, რომ განიხილონ რუსეთის ინიციატივა, რომელიც  ქიმიური იარაღის ჩაბარებაზე პრეზიდენტ ასადის დაყოლიებას გულისხმობს.

„ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა წარმატებული იქნება თუ არა ეს შემოთავაზება“, – განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ, „მაგრამ ამ ინიციატივას აქვს პოტენციალი, რომ ქიმიური იარაღის საფრთხე ძალის გამოყენების გარეშე მოიხსნას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button