Placeholder canvas
ახალი ამბები

შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი

(განახლება: დაემატა დეტალები ორი დაკავებული პირიდან ერთ–ერთის შესახებ).

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე აღკვეთა, როცა 13 ივნისს გამთენიისას თბილისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.

დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად, შსს-ის ცნობით, ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, პლასტიდი და ელექტროდეტონატორები, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

შსს-ის მიერ გავრცელებულ დაკავების ადგილას გადაღებულ კადრებში სხვა ნივთებთან ერთად ჩანს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ორი პასპორტი, რომლის მონაცემებიც დაფარულია.

სამინისტროს პრესსპიკერმა უარი განაცხადა დაეკონკრეტებინა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებულები, რომელთა აყვანის ოპერაციაც საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრმა, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჩაატარა. 

სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიების მიერ ამ ეტაპზე „უტყუარად დადასტრებულია“, რომ ერთ-ერთი დაკავებული, "ინტერპოლის მიერ ძებნილი" კადიევი საქართველოს 2011 წლიდან აფარებდა თავს, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

„ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების – ხელშემწყობებისა და მფარველების – გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

სამინისტრო აცხადებს, რომ გააგრძელებს პერიოდულ ინფორმირებას მიმდინარე გამოძიების თაობაზე. „გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით“, – აცხადებს შსს.

როდესაც საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ჰკითხეს, უკავშირდება თუ არა რამენაირად ორი პირის დაკავება მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებას, მან უპასუხა ჟურნალისტებს 13 ივნისს, რომ ამგვარი რამ ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.

მოგვიანებით ხუთშაბათს მიკაილ კადიევის შესახებ გარკვეული დეტალები გახდა ცნობილი. საინფორმაციო სააგენტო „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ იტყობინებოდა, რომ კადიევი  საქართველოდან გასული წლის ბოლოს გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედია.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“ რამდენიმე ინფორმაცია გაავრცელა კადიევის შესახებ, რომელიც სააგენტოს ცნობით, 2012 წლის 13 დეკემბერს ბათუმში დააკავეს კიდევ ერთ დაღესტნელ მოჯაჰედთან ერთად. თუმცა, ამავე ინფორმაციით, კადიევის ადგილმდებარეობა მას შემდეგ გახდა უცნობი, რაც იგი და მეორე დაღესტნელი მოჯაჰედი ქართველ სამართალდამცავებს ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდათ. ერთი ვერსიით, კადიევმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ შესაძლოა მისი ფარული ექსტრადიცია განხორციელდა რუსეთში.

ზოგიერთი ინფორმაციით, 30 წლის კადიევი იგივე პიროვნებაა, რომელიც რუსეთის მიერ იძებნება დაღესტნელი ოფიციალური პირის ალიმსოლთან ალხამატოვის მკვლელობასთან დაკავშირებით; ეს უკანასკნელი დაღესტნის ხასავიურტის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი იყო და იგი 2009 წელს მოსკოვში მოკლეს.

2012 წლის ივნისში რუსეთის მოქალაქე ჰაბიბ უმახანოვი, რომელიც ასევე იძებნებოდა მოსკოვის მიერ იმავე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, გერმანიაში დააპატიმრეს, საიდანაც 2012 წლის ნოემბერში მისი ექსტრადიცია განხორციელდა რუსეთში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სავარაუდოდ ეს საქმე აქვს მხედველობაში, როდესაც ამბობს თავის განცხადებაში, რომ კადიევი იმ პიროვნებასთან არის კავშირში, რომელიც „დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button