Placeholder canvas
ახალი ამბები

დედაენის ბაღში აქცია „არა თეოკრატიას“ გაიმართა



დემონსტრანტები ბანერებით ხელში. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციასთან მართლმადიდებელი აქტივისტების დაპირისპირებიდან ერთ კვირაში, 24 მაისს დედაენის ბაღში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ლოზუნგით „არა თეოკრატიას“, რათა პროტესტი გამოეთქვათ ძალადობის და, როგორც ისინი მიიჩნევენ, სახელმწიფოზე გავლენის მოსაპოვებლად საქართველოს მართლმადიდებლული ეკლესიის მცდელობების წინააღმდეგ.

იმავე ბაღში კონტრდემონსტრანტების აქციაც გაიმართა, რომელთა თქმითაც, ისინი იმიტომ შეიკრიბნენ, რომ ჰომოსექსუალობის „პროპაგანდა“ გააპროტესტონ, ერთი მხრივ და ასევე ქართული ეკლესიის და მართლმადიდებლობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ. ზოგიერთ მათგანს ხელში ეკავა ბანერები, რომლითაც „სექსუალური უკუღმართობის და გარყვნილების პროპაგანდის“ აკრძალვისკენ მოუწოდებდნენ.  კონტრდემონსტრაციის მონაწილე ერთ–ერთმა მღვდელმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში „ლგბტიზაციას“ აპროტესტებს.

დედაენის ბაღში პოლიციელთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.

კონტრდემონსტანტები შეეცადნენ ბაღის ტერიტორია დაეკავებინათ, სადაც აქცია „არა თეოკრატიას“ იგეგმებოდა, თუმცა პოლიციამ მათ ხელი შეუშალა. როდესაც დედაენის ძეგლთან აქციის „არა თეოკრატიას“ მონაწილეები გამოჩნდნენ, კონტრდემონსტრანტები მათ შეძახილებით შეეგებნენ. 



დედაენის ბაღში კონტრდემონსტრატები ასევე ბარენებით იყვნენ მისულები.  ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

17 მაისის ძალადობის შემდეგ დებატები გასცდა ლგბტ პირების უფლებებს და გავლენიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლის შესახებ უფრო ფართო და ინტენსიურ დისკუსიებში გადაიზარდა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ლგბტ აქტივისტების და მხარდამჭერების დაგეგმილი აქცია ქვეყანაში მხოლოდ საბაბი იყო ქართული ეკლესიისთვის, რომ ქუჩაში მხარდამჭერების მობილიზაცია მოეხდინა, რაც რეალურად ეკლესიის ძალის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად.

აქციას „არა თეოკრატიას“ წინ უძღოდა მოქალაქეთა ონლაინ პეტიცია, რომელიც 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული ყველა მოძალადის და ძალადობის წამქეზებლის კანონის მოთხოვნის შესაბამისად დასჯისკენ მოუწოდებდა და რომელსაც 13 400–ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიციაში ნათქვამია, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქციაზე თავდასხმა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისა და მათი მომხრეების მხრიდან, იყო „გალაშქრება არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაც“.  განცხადება აღნიშნავს, რომ უმოქმედობა შესაძლოა მეტისმეტად ძვირად დაუჯდეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას და მოუწოდებს ხელისუფლებას პასუხი აგებინოს ყველა დამნაშავეს.

იმ ოთხი პირიდან, რომელთაც 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი წაეყენათ, ორი სასულიერო პირია; მათ მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის მუხლით წაეყენათ ბრალი.

იმავდროულად, 23 მაისს ორგანიზაციების „იდენტობა“ და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენლები, რომელთა ორგანიზებითაც იგეგმებოდა 17 მაისის აქცია, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს დავით ცინარიძეს შეხვდნენ, რათა 17 მაისის ძალადობის შემდეგ ჰომოფობიური ინციდენტების გაზრდილი რაოდენობის საკითხი განეხილათ.

სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ უფლებადამცველებმა გამოთქვეს სურვილი, რომ სამართალდამცავთა რეაგირება გახდეს მეტად ეფექტური, რათა გაიზარდოს ძალადობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაზე მსხვერპლთა მიმართვიანობა და გაძლიერდეს ლგბტ თემის წევრთა ნდობა ამ სტრუქტურის მიმართ.

სახალხო დამცველის აპარატმა ასევე განაცხადა, რომ „მათ მიერ გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის სურვილი, რათა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთიანი ძალისხმევით შემცირდეს დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით, დევნა განსხვავებული აზრისა და ცხოვრების წესის საფუძველზე; შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინირებულ მუშაობას აღნიშნულ თემაზე“.

„საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გამოხატა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე სახალხო დამცველთან აღნიშნულ საკითხზე“, – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button