ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ფარული ვიდეომასალის გავრცელების გამო დააპატიმრეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის "შურისძიების" მოტივით გავრცელების გამო დააპატიმრეს. ვიდეოზე, სავარაუდოდ, ის პირია ასახული, რომელიც ბოლო დროს მწვავედ აკრიტიკებდა რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის ხვედელიძეს.  

განცხადება ხვედელიძის დაკავების თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვირას საღამოს გააკეთა, რომლის თქმითაც, მისმა ყოფილმა მოადგილემ, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული ჩანაწერების არქივს კურირებდა, ვიდეომასალა ინტერნეტში „შურისძიების“ მიზნით გაავრცელა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო დროს ხვედელიძეს ბრალდებებს უყენებდა.

ვიდეომასალა ინტერნეტში მაისის დასაწყისში გავრცელდა. ერთ–ერთი მამაკაცი ვიდეოზე სავარაუდოდ ის პიროვნებაა, რომელიც ადრე მედია საშუალება „ობიექტივთან“ თანამშრომლობდა. მან ბოლო პერიოდში რამდენჯერმე განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის აწ უკვე ყოფილმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ და მთავარი პროკურორის მოადგილემ ლაშა ნაცვლიშცვილმა მოახერხეს, რომ კონტროლი დაემყარებინათ ბიზნესზე, რომელიც ადრე წინა ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხვედელიძემ ვიდეო სწორედ ამ ბრალდებების მიმართ ანგარიშწორებისთვის გაავრცელა; ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ ეს ბრალდებები „უსაფუძვლოა“.

„ჩემი ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ეს არის პირადად ჩემი მკაფიო გზავნილი ყველა რანგის თანამდებობის პირის, თითოეული საქართველოს მოქალაქის მიმართ მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად“.

„მე არ ვაპირებ ვიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ხელს აფარებს თავის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს… ეს ეპოქა საქართველოში დასრულდა და დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს აღარ დაბრუნდება“, – განაცხადა მან, „მე მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, და საგანგებოდ თითოეულ პოლიციელს, ჩემს თითოეულ კოლეგას და თანამშრომელს, მე ვარ და მომავალშიც ვიქნები თითოეული მათგანის მთავარი დამცველი, მაგრამ არავის და არასდროს არ უნდა ეპატიოს დანაშაულის ჩადენა. სწორედ ეს არის საქართველოს ისტორიულ ევროპულ ოჯახში დაბრუნების ერთადერთი გზა. და ყველა სხვა გზა ეს არის დემაგოგია და პოპულიზმი“.

მან ასევე განაცხადა, რომ კადრები გადაღებულია წინა ხელისუფლების კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ და იმ არქივის ნაწილია, რომელიც წინა ხელისუფლებამ უკანონო თვალთვალის გზით მოიპოვა.

„საქართველოს პროკურატურასთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, დაუყონებლივ განადგურდეს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ წინა ხელისუფლებას ამ ჩანაწერების ასლები არ აქვს შენახული.

ვიდეოჩანაწერის გავრცელება დარტყმა იყო ამჟამინდელი მთავრობისთვის, რადგანაც ვიდეომასალის გავრცელებამდე, დაახლოებით, ერთი კვირით ადრე პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების იმ დიდ ჯგუფს შეხვდნენ, რომელთაც უკანონო თვალთვალის და მიყურადების აღმკვეთი ღონისძიებების განხილვის მიზნით კონფერენციაზე შეიკრიბნენ. შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრმა და სხვა მაღალჩინოსნებმა პირობა დადეს, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ სამოქალაქო საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რათა უკანონო თვალთვალის და მიყურადების აღსაკვეთად შეიქმნას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი მექანიზმები ძლიერი საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველსაყოფად.

იმავე შეხვედრაზე მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  წინა ხელისუფლების პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტროში „ცალკე განყოფილება“ არსებობდა, რომელსაც უკანონო მოსმენები ევალებოდა და რომელიც მისი სამინისტროში მისვლის შემდეგ გაუქმდა. მან ასევე განაცხადა, რომ აუდიო და ვიდეო ჩანაწერების უზარმაზარი არქივი, რომელიც პოლიტიკოსების, მათ შორის მისი და პრემიერ–მინისტრის უკანონო მოსმენების შედეგად იქნა მოპოვებული, კვლავ ინახება სამინისტროში. მისი თქმით, ეს არქივი მხოლოდ მას შემდეგ განადგურდება, რაც უკანონო თვალთვალის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებები დასრულდება.

ხვედელიძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, რომელიც ეხება „პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ანდა გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით ან სხვა საჯარო გამოსვლისას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“. ამგვარი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებული „აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“.

ხვედელიძე, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირია, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დააპატიმრეს, ღარიბაშვილმა მოადგილედ 2012 წლის 30 ოქტომბერს წარადგინა, რის გამოც მას მოუხდა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნებიდან მოპოვებულ სადეპუტატო მანდატზე უარის თქმა. 1993–2004 წლებში ხვედელიძეს სხვადასხვა პოსტები ეკავა სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის კონტრტერორისტულ ცენტრში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button