Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ-ში საქართველოს ახალმა ელჩმა ბარაკ ობამას რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ 15 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას რწმუნებათა სიგელები გადასცა, რითაც ის ოფიციალურად შეუდგა ელჩობის მოვალეობის შესრულებას. 

“ბატონო ელჩო, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ამ მიზნით მე ველი თქვენთან თანამშრომლობას” – განუცხადა ცერემონიაზე ბარაკ ობამამ არჩილ გეგეშიძეს, როგორც ამის შესახებ აშშ-ის საელჩო თბილისში და საქართველოს საელჩო აშშ-ში იტყობინებიან.  

“ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველო ყოველთვის მადლიერი იყო ამერიკელი ხალხისადმი, ჩვენი ქვეყნისადმი გამოჩენილი სულგრძელობისათვის. ის, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა დღეს არსებობს მნიშვნელოვანწილად ამერიკელი ხალხის თანადგომისა და თქვენი მთავრობის ძალისხმევის შედეგია და ამისათვის ჩვენ მადლიერნი ვართ.” – განაცხადა გეგეშიძემ რწმუნებათა სიგელების გადაცემისას.

აშშ-ში საქართველოს მეშვიდე ელჩი ახალმა მთავრობამ შეარჩია და მას ამ პოსტზე პარლამენტმა მხარი 20 თებერვალს დაუჭირა, ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა მის დანიშვნას 18 მარტს მოაწერა ხელი.

არჩილ გეგეშიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი, თუმცა, მას არასდროს უმუშავია დიპლომატიურ პოსტზე. იგი 90–იან წლებში პრეზიდენტ შევარდნაძის მთავარი მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ხოლო ბოლოს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარად მუშაობდა.

არჩილ გეგეშიძემ ამ ფონდის დირექტორის ყოფილი მოადგილე, თემურ იაკობაშვილი შეცვალა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button