ახალი ამბები

ივანიშვილი დავოსში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება, მთელი რიგი შეხვედრები გამართა პოლიტიკურ ლიდერებთან და ბიზნესმენებთან.

„რია ნოვოსტი“ იტყობინება დავოსში ანონიმ რუს ბიზნესმენზე დაყრდნობით, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრს გუშინ გამართულ მიღებაზე თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცა.  

„საქართველოს პრემიერ–მინისტრი მივიდა მედვეევთან და მათ რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრეს რაღაც საკითხზე“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ ბიზნესმენზე დაყრდნობით.

გუშინ გვიან პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორის კლაუს შვაბის მიერ ორგანიზებულ კერძო მიღებასა და სადილზე იმყოფებოდა. თუმცა, ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი ივანიშვილსა და მედვედევს შორის გამართულ ხანმოკლე საუბარზე.

როდესაც 23 იანვარს ადრე ივანიშვილს ჰკითხეს შეხვდებოდა თუ არა ის თავის რუს კოლეგას, ივანიშვილმა განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს დავოსში, რომ ასეთი შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა მან არ გამორიცხა მედვედევთან სპონტანური შეხვედრა ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ რომელიმე ღონისძიებაზე.

ივანიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმედ დავითოღლუს შეხვდნენ, სადაც მხარეებმა „ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზები დასახეს“.

ასევე 23 იანვარს ივანიშვილი მილიარდერ ინვესტორს ჯორჯ სოროსს შეხვდა – ეს ბოლო ორ თვეში უკვე მათი მეორე შეხვედრაა.

სოროსი თბილისს 2012 წლის დეკემბერში სტუმრობდა და ივანიშვილთან და პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართა შეხვედრები.

ივანიშვილის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს, უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და ლიბანის პრემიერ-მინისტრს ნაჯიბ მიკატის შეხვდება.

მისმა პრესსამსახურმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ინდური კომპანია Tata Sons-ს ბიზნეს განვითარების დირექტორს მადჰუ კანანს; Tata Sons არის უმსხვილესი ინდური ბიზნეს კონგლომერატის Tata Group-ის მთავარი მესაკუთრე კომპანია. იგი ასევე შეხვდება "ლუკოილის" გენერალურ დირექტორს ვაჰიტ ალეკპეროვს,  „Black Stone“ ჯგუფის გენერალურ დირექტორს სტივენ შვარცმანთს, „რუსჰიდროს“ აღმასრულებელ დირექტორს ევგენი დოდს.

ივანიშვილმა განაცხადა 23 იანვარს, რომ მისი მიზანია უცხოელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი.  „გარწმუნებთ, რომ საქართველოში ინვესტიციები გაიზრდება და რეალურად ეკონომიკური აღორძინება დაიწყება… გაიგებთ რა არის რეალური ეკონომიკური მშენებლობა ჩვენი მოსვლიდან მესამე წელიწადში“, – განაცხადა მან.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც პრემიერ–მინისტრს დავოსში ახლავს, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსული კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრები. 

„ჩვენ აუცილებლად უნდა განვაახლოთ ურთიერთობა რუსულ კომპანიებთან იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის იმისათვის, რომ შეიქმნას დასაქმება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვექნება საინტერესო შეხვედრები რუსულ კომპანიებთან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმ პოლიტიკური პრობლემების, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს რუსეთთან, ყველანაირი პოლიტიკური კომპრომისების გარეშე, ჩვენ აუცილებლად ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა განვაახლოთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა გიორგი პერტაიამ, რომელიც ასევე იმყოფება დავოსში, განაცხადა, რომ ქართული დელეგაცია რუსეთის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, სააგენტო თბილისში ბიზნესს ფორუმს გამართავს, სადაც რუსულ კომპანიებსაც მოიწვევენ. მან ასევე განაცხადა, რომ ფორუმში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ „სერიოზული გადაწყვეტილების მიმღები პირები“ რუსული კომპანიებიდან.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button