Placeholder canvas
ახალი ამბები

პატარკაციშვილის ოჯახს ტელეკომპანია „იმედი“ 3 ლარად გადაეცა

გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს ინა გუდავაძეს სიმბოლურ 3 ლარად მფლობელობაში გადაეცა კომპანია, რომლის საკუთრებაშიც შედის ტელეკომპანია და რადიოსადგური „იმედი“.

ტელეკომპანია „იმედი“, რომელსაც ბოლო წლებში პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირე და მთავრობის ყოფილი წევრი გიორგი არველაძე მართავდა, 2003 წელს ბადრი პატარკაციშვილმა დააფუძნა, რომელიც ტელეკომპანიას 2008 წლის თებერვალში მის გარდაცვალებამდე აფინანსებდა.

გუდავაძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა სამმა წინა მფლობელმა, მათ შორის არველაძემ, კომპანიაში საკუთარი წილები დათმეს, როგორც ამის თაობაზე მფლობელობის შესახებ 19 ოქტომბერს დარეგისტრირებულ დოკუმენტშია საუბარი.  

ხელშეკრულების თანახმად, გუდავაძემ თითოეულ წინა მფლობელს სიმბოლური 1 ლარი გადაუხადა. არველაძე აქციების 45%–ს ფლობდა, ხოლო ორი ბიზნესმენი – გიორგი კორახაშვილი და გიორგი მიქელაძე 30%–ს და 15%–ს ფლობდნენ, შესაბამისად.

ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც 18 ოქტომბერს მოეწერა ხელი, "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს", რომლის საკუთრებაშიცაა ტელეკომპანია და რადიოსადგური „იმედი“, დღიდან მისი რეგისტრაციისა არ გაუცია დივიდენდი.

კონტრაქტის თანახმად, მესამე პირების მიმართ "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი"-ს და ყველა მისი შვილობილი თუ აფილირებული კომპანიის ფინანსური და სხვა ვალდებულებების საერთო მოცულობა, გარდა საგადასახადო ვალდებულებებისა, ჯამში არ აღემატება 6 მილიონ ლარს.

2012 წლის ივლისის მდგომარეობით, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დაგროვილი საგადასახადო დავალიანება 13.9 მლნ ლარს შეადგენდა. 15 ოქრომბერს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ტელემაუწყებელს, მათივე თხოვნის საფუძველზე შეუმცირდეს არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული სანქცია–საურავები.

"ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი"-ს აქციების 10%–ის მფლობელი კვლავ რჩება პატარკაციშვილის შორეული ნათესავი, ჯოზეფ ქეი, რომელთანაც გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს მაუწყებლის მფლობელობის თაობაზე სამწლიანი დავა ჰქონდა. ეს დავა ასევე მოიცავდა სხვა ქონების საკუთრების საკითხსაც. გაურკვეველია შეინარჩუნებს თუ არა ქეი თავის აქციებს.

ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა 17 ოქტომბერს, რომ ის დროებით წყვეტს საინფორმაციო გამოშვებებს, სანამ ტელეკომპანია მენეჯმენტის გადაბარების პროცესში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს არხი თავის საინფორმაციო გამოშვებებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button