ახალი ამბები

სააკაშვილი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა


პრეზიდენტ სააკაშვილისა და ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის დევიდ კამერონის შეხვედრა ლონდონში, 11 ნოემბერი. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ვებ–გვერდი.

პრეზიდენტი სააკაშვილი 11 ნოემბერს ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრს დევიდ კამერონს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირა „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით“; მისი თქმით, რუსეთთან ვმო–ზე „მართლაც ისტორიული“ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს ნატოს მაღალი დონის დელეგაცია სტუმრობდა.

„ახლა ჩვენ დიდ მეგობარს, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრს შევხვდი, რომელიც პირველი იყო, ვინც ჩამოვიდა თბილისი [2008 წლის აგვისტოში]; ოპოზიციის ლიდერი იყო მაშინ; მან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ რუსეთის ტანკები ვერ შემოსულიყვნენ თბილისში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ახლა არის ისეთი სიტუაცია, რომელზეც ოცნებაც კი არ შეგვეძლო სამი–ოთხი წლის წინ… ამას იმეორებენ ყველგან, მათ შორის ლონდონში, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი… ამ თემაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა სამი–ოთხი წლის წინ“, – განაცხადა მან.

„ქვეყანა, რომელიც დე ფაქტო არის კანდიდატი ნატოს და ევროკავშირის – ნატოს შემთხვევაში უკვე დე იურე და ევროკავშირისკენაც ალბათ აქამდე მივალთ – ამ ქვეყნის ასე ადვილად გადასანსვლა, აფეთქება, შევიწროება, სწორი გზიდან გადაყვანა ძალიან ძნელია იმ ძალისთვის, რომელიც ამას ამდენი წელია ცდილობს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ფოტო სატელევიზიო კადრიდან, სადაც ჩანან ერთმანეთთან მოსაუბრე პრეზიდენტი სააკაშვილი და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე; ასევე ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირში (IDU) შემავალი პარტიების ლიდერთა შეხვედრაზე ლონდონში, 11 ნოემბერი.

ლონდონში სააკაშვილი საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირში შემავალი პარტიების ლიდერთა შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც კონსერვატიულ, ქრისტიან–დემოკრატიულ და მსგავსი მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს და რომლის წევრი საქართველოს ნაციონალური მოძრაობაც არის.     

საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე. ახალი მემარჯვენეები საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის ასოცირებული წევრია, ხოლო ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობა, რომელსაც ამ დრომდე დამკვირვებლის სტატუსი ქონდა, გაერთიანების წევრი ლონდონში მიმდინარე შეხვედრის დროს გახდა.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button