ახალი ამბები

პარლამენტმა ნეიტრალური დოკუმენტების გაცემის თაობაზე კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „ლეგიტიმურად მცხოვრებ“ პირებზე პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო პაკეტი იმ თერთმეტ სხვადასხვა კანონში ითვალისწინებს ცვლილებებს, რომლებიც ისეთ სფეროებს არეგულირებს, როგორიცაა პასპორტების გაცემა, სახელმწიფო სიმბოლოები, გადასახადები, საჯარო რეესტრის გადასახადები, განათლება, გრანტები და მეწარმეობა; ასევე ცვლილებები შედის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ნეიტრალური დოკუმენტების აღება სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს ნებაყოფლობით შეეძლებათ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს იმოგზაურონ საზღვარგარეთ და ასევე ისარგებლონ საქართველოში არსებული სოციალური სიკეთეებით. თუმცა ამგვარი დოკუმენტების აღება საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ ნიშნავს. 

ცვლილებების თანახმად, ნეიტრალური დოკუმენტები გაიცემა "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე".

ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტის საფასური 35 ლარი, ხოლო პირადობის ნეიტრალური მოწმობის –10 ლარი იქნება. ეს დოკუმენტები დაიბეჭდება და შეივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე; მათზე დატანილი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური ნომერი და არ იქნება გამოსახული საქართველოს გერბი.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, რაც ამ პაკეტის ნაწილია, ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელ პირებს სეპარატისტულ რეგიონებში შესვლა შეეძლებათ აკრძალული მიმართულებებიდანაც ანუ არა მხოლოდ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მხრიდან, თუმცა ამის შესახებ უნდა აცნობონ საქართველოს მთავრობას.

ამას გარდა, ნეიტრალური დოკუმენტების გაცემის მიზნებისთვის შესაძლოა გამოყენებული იქნას სეპარატისტული რეგიონების ორგანოების მიერ გაცემული აქტები, თუმცა ამ შემთხვევის გარდა ეს აქტები, კანონპროექტის თანახმად, "არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს“.

ნეიტრალური დოკუმენტების გაცემა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მთავრობის ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ნაწილია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button