ახალი ამბები

ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე მიანიშნებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ქართული პარტიის თანადამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გავრცელებულმა წერილობითმა განცხადებამ, რომელშიც ნათქვამია, რომ მალე "ჩემი ხალხის გვერდით დავდგები“, გაამძაფრა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ იგი საქართველოში დაბრუნებას აპირებს იმ დროს, როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყება.

ირაკლი ოქრუაშვილი 2007 წლიდან, როდესაც ის ოპოზიციაში წავიდა, საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. საქართველოში მას 2008 წლის მარტში დაუსწრებლად 11–წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

19 მაისს ტელეკომპანია "რუსთავი 2“–მა განაცხადა, რომ ოქრუაშვილი მოსკოვში ჩავიდა. თუმცა, ქართულმა პარტიამ ეს ინფორმაცია უარყო. ცალკე ინფორმაციაში ტელეკომპანია "რეალ –TV“–მ რამდენიმე ცუდი ხარისხის ფოტო გაავრცელა, რომლებიც, სავარაუდოდ, 19 მაისს მოსკოვის ერთ–ერთ აეროპორტშია გადაღებული და სადაც ირაკლი ოქრუაშვილი მგზავრებს შორის დგას მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის კოტე გოგელიას გვერდით. ეს უკანასკნელიც ქართულ პარტიასთან ასოცირდება. რუსული გაზეთი "ობშჩაია გაზეტა“ იტყობინება 20 მაისს, ინფორმაციის წყაროს დასახელების გარეშე, რომ ოქრუაშვილი მოსკოვში იმყოფება.

ქართული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა 20 მაისს, რომ ეს ინფორმაციები საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით განხორციელებული მედია კამპანიის ნაწილია მისი პარტიის წინააღმდეგ. მისი თქმით, "აბსურდზე“ კომენტარის გაკეთება არ არის საჭირო.

იმავდროულად, ირაკლი ოქრუაშვილმა 20 მაისს წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს მიმართვას ქართველი ძალოვანების მიმართ, სადაც იგი მიესალმება ქართველ ჯარისკაცებს სიმამაცის გამო და პირადად პრეზიდენტ სააკაშვილს ადანაშაულებს 2008 წლის ომის წაგებაში. იგი მიმართავს ქართველ ჯარისკაცებს, რომ სააკაშვილმა "იმდენად შეგიძულათ, რომ მხოლოდ სამხედრო აღლუმებზე ჩასატარებლად გიყენებთ“.

"რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდება სააკაშვილთან და მის ხელისუფლებასთან. ამ დროს მე ჩემი ხალხის გვერდით ვიდგები და სხვაგვარად არც შეიძლება. ვიდგები ხალხთან, ფიზიკურად და სიცოცხლის რისკის ფასად,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ქართულმა პარტიამ მშვიდობიანი რევოლუციის გზით წლის ბოლომდე პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენების გეგმებზე განცხადება გააკეთა. იმავდროულად, 21 მაისიდან იმავე მიზნით საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს სახალხო კრებაც, რომელიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ოპოზიციურ ჯგუფს ერთნაირი მიზნები და ტაქტიკა აქვთ, ისინი არ თანამშრომლობენ ბურჯანაძესა და ქართული პარტიის ზოგიერთ ლიდერს შორის პირადი კონფრონტაციის გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button