ახალი ამბები

ვაშაძე ჩრდილოეთ კავკასიასთან უვიზო რეჟიმის მოტივებზე საუბრობს

  • საქართველო აცხადებს, რომ ის იქნება ”ხიდი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას ცივილიზებულ სამყაროსთან დააკავშირებს”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა 15 ოქტომბერს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება 90-დღიანი უვიზო რეჟიმი შემოიღოს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ”ამ მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებიდან გამომდინარეობს” და ასევე წარმოადგენს თბილისის მცდელობას დაუპირისპირდეს მოსკოვის ანტიქართულ პროპაგანდას.

”ისინი [ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლები] იმ პირობებში იმყოფებიან, როდესაც კრემლში არსებული რეჟიმი კარნახობს მათ სად წავიდნენ, რა გააკეთონ, როგორ მოიქცნენ, ვისთან იმეგობრონ და ვისთან არ იმეგობრონ; ისინი [რუსეთის ხელისუფლება] ცდილობენ შექმნან საქართველოს, როგორც წარუმატებელი ქვეყნის პროპაგანდისტული იმიჯი, ქვეყნისა, სადაც არაფერი ხდება და ქვეყნისა, რომელიც მუდმივად ემუქრება მეზობლებს,” – განაცხადა ვაშაძემ.

”ამრიგად, ჩვენ ვხსნით საზღვრებს, ჩვენ გინდა, რომ ეს ხალხი ჩამოვიდეს საქართველოში და თავად ნახონ რა მიღწევები გვაქვს,” – განაცხადა მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას ამ საკითხზე დაუსვეს შეკითხვა.

”მეორე – ჩვენ გვყავს ეთნიკური ქართველები, რომლებიც ვლადიკავკაზში ცხოვრობენ; ჩვენ გვყავს 100 000 ოსური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და რომელთაც ნათესავები ჰყავთ ჩრდილოეთ კავკასიაში, რა თქმა უნდა, მათ უნდა ქონდეთ ერთმანეთის მონახულების საშუალება,” – განაცხადა ვაშაძემ.

”მესამე საკითხი – ვერავინ [ჩრდილოეთ კავკასიაში] ვერ ახერხებს თავიანთი შვილები მოსკოვის ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში გააგზავნოს, ხოლო აქ [საქართველოში] ჩვენ გვაქვს მსოფლიო დონის, ევროპული დონის უნივერსიტეტები, რატომ არ უნდა გამოაგზავნონ ისინი საქართველოში? ჩვენ წერილებს ვიღებთ ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებისგან, სადაც გვეკითხებიან, როგორ შეიძლება გამოაგზავნონ თავიანთი შვილები ქართულ უნივერსიტეტებში,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს არგუმენტები ”სავსებით საკმარისია” თბილისის გადაწყვეტილების სასარგებლოდ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უნდა ყოფილიყო მიღებული და არა ცალმხრივად, ვაშაძემ განაცხადა, რომ როდესაც რუსეთმა ”ცალმხრივად შემოიღო სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენთვის არავის უკითხავს”.

”ამრიგად, არასდროს მოითხოვოთ ის, რისი უზრუნველყოფისთვისაც თავად არ ხართ მზად,” – დასძინა ვაშაძემ. 

რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წლის დეკემბერში შემოიღო; თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ შეხებია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს, რომელთაც იმ დროს რუსეთი ფორმალურად აღიარებდა საქართველოს ნაწილად.

2003 წლის დეკემბერში რუსეთმა ცალმხრივად გაამარტივა სავიზო რეჟიმი მხოლოდ აჭარის მაცხოვრებლებისთვის;  ეს ქმედება იმ დროს მოსკოვმა ”დროებით ღონისძიებად” შეაფასა, რასაც თბილისის პროტესტი მოყვა.

12 ოქტომბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა მიზნად ისახავს ქართველი და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების ტრადიციული ძმური ურთიერთობების აღდგენისათვის ხელშეწყობას. 

ამავე განცხადების თანახმად, ამგვარი გადაწყვეტილების წყალობით, ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლები შეძლებენ ”ისარგებლონ ყველა იმ უპირატესობით, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმებისა და მიღწევების შედეგად”. 

”ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში იმოგზაურონ, დაკავდნენ ბიზნესით, მიიღონ განათლება, დაისვენონ და ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც კორუმპირებული და რეპრესიული ფედერალური რეჟიმის პირობებში მოკლებული არიან სამშობლოში. საქართველო გახდება ხიდი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებს ცივილიზებულ სამყაროსთან დააკავშირებს,” – განაცხადა შსს-მ.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button