ახალი ამბები

აფხაზეთში მეხუთე რუსული საპატრულო კატარღა შევიდა

12 აგვისტოს ოჩამჩირეს პორტში "მანგუსტის“ ტიპის, რიგით მეხუთე რუსული საპატრულო კატარღა შევიდა სეპარატისტული აფხაზეთის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, იტყობინება "აფსნიპრესი“.

რუსულმა საპატრულო კატარღებმა, რომელთა შორის ასევე არის "სობოლის“ ტიპის მცურავი საშუალებები, საზღვაო აკვატორიის გაკონტროლება 2009 წლის დეკემბრიდან დაიწყეს სასაზღვრო სფეროში რუსეთსა და სეპარატისტულ რეგიონს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად.

იმავდროულად, „აფსნიპრესი“ იტყობინება, რომ 16–27 აგვისტოს აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს წვრთნებს "სრული“ საბრძოლო მზადყოფნისა და "თავდაცვითი ბრძოლის დაგეგმარების“ თემაზე.

“წვრთნები ხელს შეუწყობს სამხედრო კომისარიატების და სარეზერვო ნაწილების სამობილიზაციო მზადყოფნის გაზრდას სამობილიზაციო ღონისძიებების შესრულებისას,“– განაცხადა აფხაზეთის გენშტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ასლან ანქვაბმა. 

სამხედრო წვრთნები, ბოლოს, აფხაზეთში განლაგებულმა რუსულმა ძალებმა ივნისში გამართეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button