skip to content
ახალი ამბები

მედვედევი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს

თბილისთან "ნორმალური ურთიერთობების“ აღდგენა შეუძლებელია, სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში რჩება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 5 აგვისტოს.

"მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ურთიერთობები ვერ აღდგება, თუ სხვა ხალხი მოვა საქართველოს ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება – ადრე, თუ გვიან ქართველი ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს და ის მეგობრული, საუკუნოვანი ურთიერთობები, რომლებიც რუს და ქართველ ხალხებს აკავშირებს, სრულად აღდგება და ჩვენ შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას ეკონომიკის, კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობის და სხვა სფეროებში,“ – იტყობინება „რია ნოვოსტი“ მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება თავის სამხრეთ აფრიკელ კოლეგასთან ჯეკობ ზუმასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა მოსკოვში.

რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბრისას მედვედევმა განაცხადა, რომ კერძო საუბრებში ბევრი ქვეყნის პრეზიდენტი აღიარებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიის ფაქტს.

„ჩვენ კარგი ურთიერთქმედება გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან… ჩვენ გვაქვს უთანხმოებები გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, კერძო საუბრებში, პრაქტიკულად ყველა ის ადამიანი, ვისთანაც მე ეს საკითხი განვიხილე, აღიარებს როგორც აგრესიის ფაქტს, ისე [რუსეთის] ამგვარი პასუხის მართლზომიერებას,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებების ხელმოწერა.

მედვედევის თქმით, ამგვარი ხელშეკრულებები "განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“ იქნება და აუცილებლად "განმუხტავს სიტუაციას რეგიონში“.

This post is also available in: English Русский

Back to top button