ახალი ამბები

”თბილავიამშენი” თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 1 ივლისს, რომ "თბილავიამშენი“ სამინისტროს მფლობელობაში გადადის "სამხედრო სარემონტო–სამრეწველო კომპლექსის“ ჩამოყალიბების მიზნით.

სამინისტროს განცხადებით, "თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ”თბილავიამშენის” შემოსვლის ინიციატივა თავად ავიამშენის ხელმძღვანელობას ეკუთვნის“. ამჟამად, კომპანიის აქციების 90%–ის მფლობელი მისი ხელმძღვანელობაა, ხოლო დანარჩენს "თბილავიამშენის“ პერსონალი ფლობს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, სამინისტროში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.

"ჩვენი ძირითადი დამკვეთი სწორედ თავდაცვის სამინისტროა, ვიფიქრეთ, რომ ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნებოდა ერთობლივი მუშაობა,“ – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პანტიკო თორდიამ 1 ივლისს სამინისტროს წარმომადგენელთან ერთობლივ ბრიფინგზე.

განცხადების გაკეთების შემდეგ ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ. ამიტომ, გარიგების დეტალები უცნობი რჩება.

"მათთან [თბილავიამშენთან] ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, რაც ძირითადად ტექნიკის სარემონტო მომსახურების შესყიდვას გულისხმობს. ”თბილავიამშენის” თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ყოფნა მთელ რიგ პროცედურებს გაამარტივებს,“ – განაცხადა ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა რევაზ ჭარბაძემ.

"თბილავიამშენის" პრივატიზაცია სახელმწიფომ 2004 წლის ნოემბერში განახორციელა. თბილავიამშენის გენერალური დირექტორი პანტიკო თორდია კომპანიის იმ მენეჯმენტის წევრია, რომელმაც თბილავიამშენის აქციების 90 პროცენტი  67 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. "თბილავიამშენის" ვებ–გვერდის თანახმად, გარიგების პროცესი 2005 წელს დასრულდა.

"თბილავიამშენმა", რომელიც სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს აწარმოებს, 90–იანი წლებიდან სამოქალაქო სექტორშიც დაიწყო ინვესტიციების ჩადება. მას ავიაკომპანიაც აქვს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button